ცოტას ჩემზე მოვყვები და პარალელს გავაკეთებ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ამ ბოლო დროს მაწუხებს.
ვინც არ მიცნობს, არ იცის და შეიძლება უცნაურადაც მოეჩვენოს, მაგრამ მათაც, ვინც ბავშვობიდან მიცნობდა უცნაურად ვეჩვენებოდი იმის გამო, რომ ყოველთვის გადაჭარბებული შეგრძნება მქონდა მორალური ღირებულებების და გადამეტებული აუცილებლობის შეგრძნება დამეცვა ისინი, ამის გამო მარტივად მომასკუპებდით მორალისტის ტიტულს და ვფიქრობ, არც ახლა ვაკლებ.
მე ვერ დავიკვეხნი, რომ ავდექი და არსაიდან მოვიტანე ჩემი ღირებულებები, რადგან დავიბადე ღრმად ქრისტიანულ ოჯახში და ღირებულებები, რომლისაც ახლა მწამს, მე მზამზარეულად დამახვედრეს, ისინი გამუდმებით საუბრობდნენ მათზე და მეც, ჩემი ბავშვური არაცნობიერი შეგრძნებებით დავეთანხმე და შევისისხლხორცე ისინი.
მე იმდენად მწამდა, განვიცდიდი და ვეთანხმებოდი მორალის ამ სისტემას, რომ ხშირად გამოვდიოდი სიტყვით, ხან გაოცებით, ხან აღშფოთებით, ბუნებრივად მემართებოდა მაგრამ, რაც უფრო მყარი ხდებოდა ჩემი ღირებულებები, მით უფრო მეტი ადამიანი რჩებოდა უკმაყოფილო, სულ რომ ხმა არ ამომეღო, გამაღიზიანებელი იქნებოდა ჩემი იქ ყოფნა, სადაც იციან რას ვფიქრობ ამა და ამ საკითხზე.
ამიტომ ფიქრი დავიწყე, ღირებულებები, რომლებიც ამხელა უკმაყოფილებას იწვევს გარშემო, ღირებულებები, რომელთა გამოც შენ ირიყები, ტკივილს იწვევ, შეწუხებულობას იწვევ და ტრიბუნიდან ქადაგებ, არის თუ არა ჭეშმარიტი? იქნებ გაჩუმება სჯობს და მე დავიწყე გაჩუმება, ერთი წელი ისეც გასულა, რომ ორი წინადადება არ მითქვამს გადაბმულად, ამ ერთი წლის შემდეგ საუბარიც მიჭირდა, ენა მებმოდა, იმდენად გადავეჩვიე ხმის ამოღებას.
და ჩემში მიდიოდა სერიოზული ბრძოლები იმის შესახებ თუ რა არის სიყვარული, მე უნდა ვიცავდე ჩემს ჭეშმარიტებებს, როდესაც ეს არასასიმოვნო მოსასმენია? და არის ასეთი ჭეშმარიტება ჭეშმარიტი? იქნებ, თუ მათ ტკივათ, ეს არ არის ჭეშმარიტება, და გადავწყვიტე, თუ ვინმე წუხდება, ეს არ არის ჭეშმარიტება, შეიძლება იყოს მაგრამ, მე ვერასოდეს ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, ვერ ვპოვე იმხელა სიყვარული ჩემში, რომ სწორად დამეცვა ჭეშმარიტება, არა, იქ ყოველთვის რაღაც ბნელი ურევია და მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულითა და სულით მიყვარს ის რასაცვიცავ და აბსოლუტურად გულწრფელად მაწუხებს ამ ღირებულებების დეგრადაცია სხვა ადამიანში, მე მაინც გადავწყვიტე, რომ არ შემიძლია სწორად ლაპარაკი და ლმობიერება სჯობს.
ამიტომ დავიწყე ლმობიერება და როგორც კი დავიწყე ლმობიერება, ჩემთან მოვიდნენ ძალიან შეპყრობილი ადამიანები, ანუ ღირებულებითად იმდენად დეგრადირებულნი, რომ მათთვის ეჭვქვეშ იდგა იმდენად ფუნდამენტური, ობიექტური ღირებულებებიც კი როგორიცაა: “რატომ არ უნდა მოვკლა ადამიანი, თუ ის არ მომწონს”
“რატომ არ უნდა დავალომბარდო დედაჩემის სახლი”
“რატომ არ უნდა მოვიპარო”
“რატომაა კრიმინალი კრიმინალი”
მათ ეს არ ესმოდათ, მე კი ვიყავი ლმობიერი, ამიტომ მათ დამაზიანეს და მე მაინც დავრჩი ლმობიერი,
მაგრამ საინტერესო ისაა, რომ იმდენად რთულ ადამიანებს გადავეყარე, იმდენად მძიმე გამოცდილებები მივიღე, რომ მას შემდეგ უბრალოდ სიყავრული და სიკეთე რომ ვინმეს ეხსენებინა, ესეც საკმარისი იყო ჩემი სიხარულისთვის, ელემენტარული კეთილი სიტყვაც კი მაფიქრებინებდა, რომ აი, ამ ადამიანის ღირებულებები სრულიად გამართულია, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მწარედ ვცდებოდი.
ჰოდა ლმობიერი გავხდი, ნებისმიერი აზროვნების სისტემის, ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლის, ნებისმიერი იდეის გამტარებელი ადამიანის მიმართ, თუ ის ადამიანის სიყავრულის საჭიროებას ხედავდა, ის ჩემიანი იყო, ასე ვიქეცი ღირებულებით ლიბერალად, თუმცა ქრისტიანული ღირებულებათა სისტემა, ჩემთვის არასდროს გათანაბრებია სხვა არცერთ სულიერ აზროვნებას, ეს უბრალოდ ვერ მოხდება.
ჰოდა, ვფიქრობდი, ვსწავლობდი სხვა რელიგიებს, სხვა მორალურ სისტემებს, ფილოსოფიურ თუ რელიგიურ სკოლებს, ქრისტიანობის ჩათვლით და რაც უფრო მეტს ვსწავლობდი და რაც უფრო მეტს ვიგებდი თავად ფსიქიკისა და ადამიანის შესახებ, მით უფრო ბევრი ლაფსუსი ჩნდებოდა, რაც უფრო მეტს ვკითხულობდი და ვაკვირდებოდი ადამიანთა ქცევას, მით უფრო მეტ პარალელს ვავლებდი ქრისტიანობასა და ჭეშმარიტებას შორის, მით უფრო მეტ წინააღმდეგობაში მოვდიოდი სხვა სისტემებთან, იმდენად შევტოპე, რომ ახლა შემიძლია გითხრათ , არ არსებობს მორალურად გამართული, ნამდვილად ჭეშმარიტი და შეუცდომელი ეთიკური ნარატივი, გარდა ორთოდოქსული სკოლისა, მე არ ვიტყვი და რომც ვთქვა არ დამიჯერებთ, რომ იდეალურად შევისწავლე ეს ყოველივე, შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ, რომ ამის კვლევის მეტი ცხოვრებაში არაფერი მაინტერესებდა და მთელი არსებით ვიკვლევდი და ამ დასკვნამდე მივედი დიდი ფსიქიკური ბრძოლების, ბევრი მეცადინეობის და ჩემი ფსიქიკისა და სხვათა ფსიქიკის შესწავლის საფუძველზე.
მაგრამ მთავარი რაც ამ პროცესში დავასკვენი, ის არის, რომ ჭეშმარიტება ერთადერთია, არსებობს ერთადერთი ობიექტური მორალი და ყვეელა დანარჩენი წარმოადგენს ამ ობიექტურობის კარიკატურას, მაგრამ ეს კარიკატურები შეიცავენ იმდენად დამღუპველ არსობრივ პრობლემებს, რომ მე ვერ გავჩუმდები და ადამიანებს ისევ ეწყინებათ, მაგრამ მე განვიხილავ იდეებს, მე ვებრძვი იდეებს, მეტსაც გეტყვით, მე უამრავ იდეათა სრულიად ულმობელი და ცივსისხლიანი მტერი ვარ და ამით ვამაყობ კიდევაც, მაგრამ არასდროს ადამიანების, არასდროს პიროვნებების, ისინი ყოველდღე მოდიან ჩემთან, მთხოვენ ფსიქოლოგიურ დახმარებას და მათგან არცერთი და ვერცერთი არასდროს და ვერასდროს გეტყვით, რომ ჩემგან ელემენტარული განსჯა მიუღიათ, ასე რომ ეგ არ შემომტენოთ, მადლიერი დაგრჩებით, მაგრამ რაც შეეხება ჭეშმარიტების დაცვას, მისი იდეური ღირებულების დაცვას, მორალის ერთადერთი ობიექტური სისტემის დაცვას, მე ყოველთვის გავაგრძელებ, რადგან ეს ჭეშმარიტება მავალდებულებს მე ვიყო ხმამაღალი, რადგან იქ, სადაც ლიბერალურად ვუდგებით იდეებს, პრობლემებს იდეებში, ლიბერალურად ვუდგებით სხვადასხვა აზროვნების სკოლებს და ეს გვგონია ადამიანთა სიყვარული, ჩვენ სინამდვილეში ხელს ვუწყობთ პიროვნებათა დეგრადაციას, იდეათა აღრევას, თეთრსა და შავს შორის განსხვავების გაქრობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ ისეთ საშინელებას, როგორიცაა მორალური რელატივიზმი, სუბიექტური ეთიკა, სარგებლიანობაზე დამყარებული ფსიქოლოგიური სკოლები, აზრის და ცნების სრული დაკარგულობა და საბოლოოდ მთლიანი საზოგადოების გაუცხოება და დეგრადაცია.
მე ვერასოდეს ვიპოვნი იდეალურ ფორმას ჭეშმარიტების დასაცავად, მაგრამ ამის გამო ვერ გავჩერდები, თუმცა ყოველთვის ვეცდები ვთქვა უკეთესად, მაგრამ არ შემიძლია გაჩუმება, რადგამ ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად ლიბერალურ ეპოქაში, რომელიც სიყვარულის სრულიად მახინჯი განსაზღვრების საფუძველზე ემუქრება ობიექტურ რეალობას, ობიექტურ აზრს და ნამდვილ ჭეშმარიტებებს.
ის რაც მე აქ მოვყევი, მარტო მე კი არა, ქრისტიანებსაც ემართებათ, მეტიც მე ყოველდღე ვხედავ რომ ეს გადაჭარბებული ლმობიერება სასულიერო პირებსაც კი ემართებათ და ეს პროცესი საბოლოოდ არ გამოიწვევს ადამიანთა შერიგებას, არამედ ყალბ შერიგებას, რომელსაც შეეწირებიან ჩვენში არსებული ნამდვილი ჭეშმარიტებები.
ნამდვილი ღმერთი ეწირება ამ ყველაფერს და გვავიწყდება, რომ თუ ჩვენ გვიწევს არჩევანის გაკეთება ადამიანსა და ღმერთს შორის, თუ რომელიმე ადამიანი სასწორის მეორე მხარეს დადგა ღმერთთან მიმართებაში, ეს ნიშნავს რომ ეს ადამიანი დადგა ჭეშმარიტების წინააღმდეგ, დადგა ნამდვილი ღირებულებების წინააღმდეგ, თუ ჩვენ ამ ადამიანს ავირჩევთ, მაშინ ჩვენ გავაძევებთ ღმერთს ჩვენგან და ამ ადამიანისგანაც, ამიტომ ყოველთვის, როდესაც ადამიანი დაუპირისპირდება ჭეშმარიტებას, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჭეშმარიტება, რადგან ჩვენ არ ვიცით სიყვარული და არ შეგვიძლია გვიყვარდეს ადამიანი ისე, როგორც ჭეშმარიტებას უყვარს ადამიანი, ნამდვილი სიყვარული ადამიანებისა ჭეშმარიტების მხარეს დგომაა და თუ ადამიანი უპირისპირდება ჭეშმარიტებას, ის საკუთარ თავს ერჩის, შენ არ უნდა დაეხმარო თვითმკვლელს თვითმკვლელობაში, ეს ლმობიერება კი არა, ბოროტებაა, ერდოებიდან უნდა იყვირო ჭეშმარიტება, სანთელი სულ გამოსაჩენ ადგილზე გედგეს, რაც არუნდა გაბრაზდნენ ისინი, შენ შენი ღმერთის არასდროს უნდა შეგრცხვეს, რთულია ის, ის ყველაზე საძულველი ღმერთია პლანეტაზე, მაგრამ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთიც ის არის.
ასე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ულმობელი იდეათა მიმართ და ლმობიერი ინდივიდების წინაშე.
ხშირად ადმაიანები იდეებს საკუთარ თავთან აიგივებენ, ამიტომ მათ საკუთარი ტკივილით ეტკინებათ, როდესაც მათ იდეებს შეეხები, მაგრამ მე პირადად ეს არ მაინტერესებს, რადგან ღმერთივით ჭეშმარიტებები მაქვს სათქმელი და სიმამაცე სჭირდება მათ თქმას, საკმარისად მამაცი აღმოვჩნდი და საკამრისადაც მომხვდება, მაგრამ ეგ სულ მეკიდა მეგობრებო.
ამდენი კი იმიტომ ვილაპარაკე, რომ იქნებ თქვენც ლმობიერობთ, იქნებ თქვენც ეფერებით სიცრუესა და ილუზიას, რადგან არ გინდათ ატკინოთ ადამიანებს, იქნებ თქვენც მოტყუვდით და ეს გეგონათ სიყვარული და იქნებ როგორ გჭირდებათ, რომ ვიღაცამ გითხრათ, რომ იმის მიმართ ლმობიერება, რაც ადამიანს აზიანებს, სიყვარული არ არის, ეგ იგივეა თვითმკვლელს თოკი მიაწოდო და ამას სიყავრული უწოდო.
ასე რომ, ყოველთვის შეებრძოლეთ იდეებს, მაგრამ არასოდეს შეეხოთ ადამიანებს.
Leave a Reply