ხანდახან ადამიანებს ვშორდები და ეს სევდიანია.
როგორ არ მინდა ხოლმე წავიდე, მაგრამ დაბრმავდა და ნაჯახს იქნევს.
ნაჯახსაც იმიტომ იქნევს, რომ ყველაფრის ეშინია.
მე კიდევ სხვა რა გზა მაქვს, უნდა წავიდე.
განა არ ვეუბნები ნაჯახს იქნევო, ვეუბნები, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სინამდვილეში, ეს ნაჯახი სულ არ არსებობს.
დიახ, არანაირი ნაჯახი არ არსებობს და ამ ჩემს მეგობარსაც მშვენიერი მხედველობა აქვს,
ესეიგი, არც ბრმა არსებობს.
ჰოდა, ზის კოხტად ჩაცმული ეს ჩემი მეგობარი, არც სათვალე სჭირდება და არაფერი და ჩემი გაჰკვირვებია,
აბა ნაჯახიო, აბა დათხრილი თვალებიო?
იქნებ შენ გეჩვენება ბრმებიო ნაჯახებით,
იქნებ შენი საქმე ვერ არისო კარგადო
რაიციო.
იქნებ მე მაგდროს ემოციური ინტელექტის წყალი გადმომესხას და ვუთხრა _ მეტკინაო და ის მეტყვის, რომელი ნაჯახითო, მაჩვენეო და რა უნდა ვაჩვენო?
რა უნდა ვუთხრა? თქვენ რას ეტყოდით? მტკიცებას ხომ არ მოჰყვებით უჩინარი ნაჯახებისა და დათხრილი თვალების შესახებ,
არა, ამას ვერ იზამთ, ამიტომაც გაბრუნდებით და მდუმარედ წახვალთ.
ასე მოიქცევით, ჩემსავით, რომ ნაჯახი არ მოგხვდეთ, რომელიც არ არსებობს, მაგრამ იმაზე ცუდ ჭრილობებს გაყენებთ, ვიდრე ჩვეულებრივი ნაჯახები.
ასეა,
უჩინარი ნაჯახები გაცილებით მტკივნეულია.
ნეტავ ნამდვილი ნაჯახი მომხვედროდაო.
ნამდვილი ნაჯახით მოყენებულ ნამდვილ ჭრილობებს ნამდვილი წამლები კურნავენ.
აქ კიდევ, იმდენი აფთიაქია.
მაგრამ, უჩინარი ნაჯახით მოყენებულ უჩინარ ჭრილობებს მარტო უჩინარი წამლები თუ უშველის და უჩინარი წამლები კიდევ
რთული საშოვნელია.
რას იზამ,
რას იზამ? როცა ეგეთი დაწყევლილი ვანგა დაიბადე,
გინდათუარა, უხილავი ნაჯახების და დათხრილი თვალების ყურებაში უნდა გაატარო შენი სიცოცხლე.
შენი ბედიც ეგ ყოფილა:
ხედავდე უჩინარ ნაჯახებს,
იღებდე უჩინარ ჭრილობებს,
ეძებდე და პოულობდე უჩინარ წამლებს,
უჩინარ გამოჯანმრთელებას,
და მთელ ამ უჩინარ ამბავში უკვე იმას ფიქრობდე:
_ბოლობოლო, მეც უჩინარი ხომ არ ვარო.
მეცინება ბნელო, განა არ ვიცი, რომ სინამდვილეში მატყუარები არიან, ყველაფერს კარგად ხედავენ, მაგრამ თავს ისე მოიკატუნებენ ხოლმე, ნაჯახის კიარა, საკუთარ არსებობაშიც ეჭვი შეგეპარება.
იქნება მეც არ ვარსებობო, ბნელო,
თუ ჩემი ჭრილობები არ არსებობს,
იქნება მეც ყველას ვეჩვენებიო,
მაგრამ მაგ ლოგიკითაც კი, გიჟები ისინი გამოდიან.
Leave a Reply