როდესაც ადამიანი გულწრფელი გახდება ხოლმე საკუთარი თავის მიმართ, მას ემუქრება სასოწარკვეთის საშიშროება. თანამედროვე ადამიანი გულწრფელი გახდა, დაინგრა საუკუნეების მანძილზე ნაშენები ფასადები, კეთილშობილი საზოგადოების ნიღბები, საზღვრები და ადამიანმა შეიხედა ადამიანის კულისებში და რაც იქ ნახა, საერთოდ არ მოეწონა.
ამიტომაც, თანამედროვე ადამიანი სასოწარკვეთილია, რაც ემართებათ ხოლმე ახალბედა ფსიქოლოგიის მოყვარულებს, ახალბედა ცნობიერების მაძიებლებს და ახალბედა მორწმუნეებს, რომ როდესაც აღმოაჩენენ და პირისპირ დადგებიან საკუთარი უფსკრულების, პირღია ბნელი ორმოების წინაშე, საკუთარი სიმახინჯის წინაშე ისინი სასოს წარიკვეთენ ხოლმე, მერე მიმოიხედავენ და თურმე სხვებიც დახვრეტილები არიან, სხვებიც ორმოებით არიან სავსენი, ყველა უბადრუკი და ცოდვილია ამ პლანეტის გაჩენის დღიდან და მოდის სიძულვილი, საშინელი მასიური სიძულვილი, მთლიანად კაცობრიობის და კონკრეტულად ადამიანობის მიმართ.
ამის შემდეგ, ზოგი დესტრუქციას იწყებს, საკუთარი თავის დასჯას სიცოცხლის ბოლომდე, გარშემომყოფების დასჯას საკუთარი ავადმყოფობებით, უბედურდებიან და სხვებსაც მოუწოდებენ უბედურებისაკენ, სხვებსაც აჩვენებენ სიბნელეს, რომელმაც გადაყლაპა ისინი, რომ სხვებიც გადაიყლაპონ, პლანეტიდან გაქრეს ბავშვის სიცილი და მზიანი დღეები, რადგან ერთადერთი რეალობა მათთვის ადამიანური სიმახინჯე და ცოდვილი ბუნება ხდება.
ზოგიერთები კი შეგუებას იწყებენ, ფეხებზემკიდია პოზაში შეშდებიან, თავდაცვის მექაიზმებია ცინიზმი, რაღაც დიდებული ყოვლისმხილველი ნიჰილისტური თვალის ახელა, ამით ამაყობაც კი, დიახ, ყველაფერი აქ მახინჯია და ყველანი მახინჯები ვართ, მერე რა? ისინი ხუმრობენ, იცინიან და სადღაც შორიდან, მათგან თუ მათ უკან ცხრა მთას იქით, შენ შეიძლება გაიგონო სასოწარკვეთა, თვითსიძულვილი და აქედან ამოზრდილი აბსურდული მხიარულება.
ეს დაგვემართა ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს, ნაცრისფერი გახდა სამყარო, მხოლოდ ვიღაც სულელები, რაღაც მითების და ლეგენდების დაჯერების საფუძველზე თავს იტყუებენ, რომ აქ რამე მშვენიერი კიდევ არსებობს ან ოდესმე უარსებია, იდიოტებივით დგანან იოგის პოზაში გაკვანძულები და იღიმიან, როცა არ არსებობს ღიმილის მიზეზი.
ამიტომაც, ბედნიერი ადამიანი ინფანტილური ადამიანია, გამოიტანა დასკვნა კაცობრიობამ და გადაერთო ყოფით საკითხებზე, რადგან თუ ღმერთი არ არსებობს და მშვენიერება არ არსებობს და არანაირი სიწმინდე არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია, მაშინ არსებობს სურვილები და დრო ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად, რესურსი, რომელიც უნდა მოიპოვო სურვილებისთვის და მერრ გაედევნო ახალ ახალ ნაირნაირ სურვილებს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით გაწოდებენ რეკლამები და შენც სწორედ ეს გსურს, ცხელცხელი სურვილების განყუთვა.
ასე რომ, ყველა ვინც ეცდება გულწრფელი იყოს საკუთარ თავთან განწირულია მეთქი შეებრძოლოს სასოწარკვეთის დემონს და შემდეგ იპოვნოს დესტრუქციული, ან ნიჰილისტური, ან სურვილებით შეპყრობის გამოსავალი.
მაგრამ ის, რასაც ეს ნიჰილისტი, დეპრესიული ან თავგადაკლული მორწმუნე, უკვე ფანატიკოსი, საკუთარი ცოდვების ამღიარებელი და სხვათა მამხილებელი, ადამიანური სიბნელის მაცნე, ადამიანური სისაძაგლის მემატიანე და ერთადერთ მახინჯ რეალობაში ადამიანების გამოყვანის მიზნით არჩეული მოსე ვერ ხედავს _ ადამიანის ნათელი მხარეა.
ადამიანის ნათელი მხარე, ადამიანის სიღრმე, მშვენირება და ღირებულება, ის რის გამოც ადამიანი იმსახურებს სიყვარულს.
სილამაზე, რომელსაც ადამიანი წარმოადგენს, ის ნათელი მხარე, მრავალფეროვანი და უსასრულო, რომელიც მითებად და ლეგენდებად შემოგვრჩენია, რომლისაც არავის აღარ ჯერა, წარმოადგენს მიზეზს, რატომაც შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, შეიძლება გიყვარდეს საკუთარი თავი და რომლის მიზეზითაც შეიძლება თავად სრულყოფილ ღმერთსაც კი უყვარდე, დიახ, მიზეზი ჰქონდეს შენი სიყვარულისთვის, რომც არ სჭირდებოდეს მიზეზები სიყვარულისთვის.
ესაა, რასაც ადამიანი ვეღარ ხედავს, მიზეზს, თუ რატომ შეიძლება შენნაირი არსებაც კი უყვარდეთ, პატივი სცენ, ღირებულებას წარმოადგენდეს, რაიმე დამსახურება მიუძღვოდეს და რაიმე წონა ჰქონდეს მის არსებობას, ამ მიზეზებს ვეღარ ხედავს ადამიანი, ამიტომაც მომართულია საბრძოლველად, ასხმული აქვს ჯავშან-მუზარადი და თონის რიგში, ნებისმიერი შეკრებისას, ბაღებში, ქუჩებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურში, სოციალურ ქსელზე, უბრალო გამარჯობის შეძახებისასაც კი ის ყველანაირად მზადაა, რომ გადაგიაროს.
რადგან მახინჯია სამყარო რომელსაც ხედავს და რადგანაც საკუთარ თავში ვერ ხედავს მიზეზს იმისათვის, რომ ვინმეს უყვარდეს, ვერც შენში ხედავს მიზეზს იმისათვის, რომ ვინმეს უყვარდე. ამიტომ არ შეუძლია სიყვარული მას, ვისაც არ უყვარს საკუთარი თავი, არ შეუძლია შენი სიყვარული მას, ვისაც მხოლოდ ცოდვილი ნეშომპალა ჰგონია საკუთარი თავი, ვინც ვერ ხედავს საკუთარ ადამიანურ ღირებულებას, მას არ შეუძლია შენი სიყვარული და ვერც ღმერთს გაუგებს, ვერ გაუგებს მას, ვისაც ნეშომპალები უყვარს, ვერ დაემსგავსება მას, ვისაც ნეშომპალები უყვარს, რადგან არასდროს უნახავს საკუთარ ნეშომპალაში ამოზრდილი ყვავილები, მას არ უნახავს ადამიანური ბუნების მეორე მხარე, რომელიც სიყვარულს იმსახურებს.
Leave a Reply