სკოლაში გვასწავლიან ყველაფერს, აფრიკის დედაქალაქებიდან დაწყებული, ინტეგრალებით დამთავრებული, მაგრამ არავინ გვასწავლის რა ვუყოთ ბრაზებს, რომლებიც გვგუდავენ ხოლმე, რა ვუყოთ გულისტკივილებს, რა ვუყოთ მეგობრის ღალატით გამოწვეულ წყენას.
შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით და არც არავინ გვასწავლა, როგორ გადავამუშავოთ ემოცია, მეტიც, ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია ეს ემოცია დავასახელოთ, განსაკუთრებით ემოციურ მომენტებში, ჩვენ შეიძლება ყველაფერი დავლეწოთ, მაგრამ ვერ ვთქვათ სამი მარტივი სიტყვა:
“მე გაბრაზებული ვარ”.
ემოციის დასახელების უუნარობას ეწოდება ალექსითიმია და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ალექსითიმია ტიპიური, გავრცელებული პრობლემაა ადამიანთა უმეტესობისათვის, მაგრამ მათ არ იციან პრობლემის შესახებ.
რადგანაც ადამიანს არ შეუძლია ემოციის დასახელება, სანამ არ ისწავლის, იქამდე, როდესაც ძლიერი ემოცია გვიპყრობს, ჩვენი ტვინის რაციონალური ნაწილი ითიშება და მართვას გადაულოცავს ამიგდალას, რომელიც გადარჩენაზეა პასუხისმგებელი, ამიგდალას თვითგადარჩენის რეჟიმებია ბრძოლა, გაქცევა ან გაშეშება.
ესაა ევოლუციური გადახტომა პირველყოფილ ინსტიქტებთან, ესეიგი, როდესაც ჩვენი გონება რაღაცას ვერ ხარშავს ინტელექტუალურად, რადგან მომენტში მას ვერ ასახელებს და არ იცის დამუშავება, გონება ბრუნდება ქარხნულ პარამეტრებზე. ქარხნული პარამეტრებია პირველყოფილი ადამიანის ინსტიქტები, როდესაც ენა არ არსებობდა, ადამიანები მოძრაობითა და ხმის ტონით აგრძნობინებდნენ ერთმანეთს გაბრაზებას. თუ თქვენ გაიხსენებთ საკუთარ ან სხვის გაბრაზებას, აუცილებლად დაინახავთ, რომ არავინ ასახელებს ემოციას, არავინ ამბობს, მე გავბრაზდი, მე მტკივა, მე მეწყინა, არამედ იქნევენ ხელებს, უწევენ ტონს, იწყებენ შეტევას, ლანძღვას, შეურაცხყოფას, ისინი იბრძვიან ქარხნული მონაცემებით გამოხატავენ ემოციებს და თუ უფრო გულწრფელად დააკვირდებით დაინახავთ, რომ ხშირად ჩვენ დღეების, თვეების, წლების განმავლობაშიც კი არ შეგვიძლია დავასახელოთ ემოცია, რომელიც წარსულში ვიგრძენით, ყველანაირად გამოვხატავთ აგრესიას, ყველაფერს ვაკეთებთ, გარდა მისი დასახელებისა.
ეს თვითგადარჩენის, ბრძოლის ინსტიქტია, ყვირრილი, გინება, წყევლა, ხელების ქნევა, მუქარა, უძველესი სიგნალებია საფრთხის შესახებ., ასე რომ დიდად ვერ გაარჩევთ, ამ გაბრაზებულ ადამიანს ახლა შეყვარებული ეკამათება თუ მამონტი უტევს, ბრძოლის ფორმა ერთია.
ეს გადაუმუშავებელი ემოციები კი გადადის აგრესიაში სხვების მიმართ, ან ფსიქოსომატიკაში, საკუთარი თავის მიმართ.
ჰოდა, რადგან პლანეტის საზოგადოება ემოციურად პირველყოფილია, სისუსტედ აღიქვამს ემოციის მართვასაც კი, მისთვის უფრო ძლიერია ის, ვინც ყვირის, ვინც უფრო ხმამაღალია, ვინც უფრო სახიფათოა, მაგრამ ემოციის მართვა უმაღლესი ინტელექტის და უდიდესი შრომის შედეგი და ნიშანია.
გამოქვაბულში აღარ ვართ, დროა ხელფეხის ქნევიდან, გინებიდან და ყვირილიდან გადავიდეთ გაცნობიერებულ დიალოგზე, ენის გამოყენებაზე და ინტელექტის გამოყენებაზე.
ამგვარად, ემოციის დამუშავება უმნიშვნელოვანესი უნარია ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ პროფესიის ადამიანისათვის.
ემოციის მართვა არ ნიშნავს ემოციის ჩახშობას და არ წარმოადგენს “დაჩაგრულის” პოზიციას, პირველყოფილ საზოგადოებას სწორედ ამის ეშინია, “მეც თუ საშიში არ ვიქნები , არ დამჩაგრონ”, სინამდვილეში გაუცნობიერებელი ემოციები უფრო ჩაგრავს ადამიანს, ამიტომ საჭიროა ვისწავლოთ ემოციების ხარშვა.
პირველია აღიარება, მე ვარ გაბრაზებული
მეორეა ნების დართვა, მე მაქვს უფლება ვიყო გაბრაზებული.
მესამეა შეგრძნობა, შევიგრძენი ჩემი ბრაზი.
მეოთხე, სახელის დარქმევა, მე იმიტომ გავბრაზდი ახლა, რომ მეწყინა, როცა არ დააფასეს ჩემი შრომა და ა.შ.
მეხუთე, პაუზა, სადაც ემოციასა და მოქმედებას შორის სივრცეს ვაჩენთ.
ასე ემოცია იქნება აღიარებული, მიღებული, სახელდებული, ლეგიტიმური, გაგებული, შესაბამისად ემოციას აღარ შეეშინდება, დარჩება რაციონალურ ნაწილში, პრეფრონტალურ ქერქში, შესაბამისად აღარ გადაეცემა განგაში ამიგდალას, შესაბამისად აღარ ჩაირთვება თავდაცვის ინსტიქტი, შესაბამისად აღარ ჩაირთვება ქარხნული პარამეტრები, შესაბამისად აღარ დავიწყებთ ხელების ქნევას, შესაბამისად სხვასაც უკეთ გავაგებინებთ რა დაგვემართა, შესაბამისად არც სხვას ჩაერთვება საფრთხის განგაში, შესაბამისად არც მისი ემოცია გადაეცემა ამიგდალას, არ ჩაერთვება ქარხნული პარამეტრები და პირველყოფილი ინსტიქტებით აღარ შემოგვიტევს, არამედ მოგვისმენენ და ჩვენც მოვუსმენთ, როგორც ცივილიზებული ადამიანები, რომლებსაც უკვე მრავალი საუკუნეა მეტყველების უნარი და ძალიან მდიდარი ენა გააჩნია იმისათვის, რომ საკუთარი ემოციები აღწერონ.
Leave a Reply