სიზმრებს ვიწერო ამაყი სახით რომ გამოაცხადებენ ხოლმე ეგრევე ვიცი, რომ იტყუებიან.
არაფერსაც არ იწერენ.
ჰა ჰა ერთი ორი სიზმარი ჰქონდეთ ცხოვრებაში ჩაწერილი.
ამაყი სახე ვერ გექნება თუ სიზმრებს იწერ,
სიზმრების ჩაწერა და სიამაყის დასასრული ერთია ბნელო,
არ შეგიძლია იყო ამაყი და თავაწეული როცა იდიოტური სიზმრებით გამოტენილი ბლოკნოტი შემოგცქერის მაგიდიდან, ან მატრასის ქვეშ საგულდაგულოდ დამალული რაღაც მანქანებით მაინც რომ გაგრძნობინებს თავის არსებობას, თითქოს ფურცლების წრიპინიც კი გესმის “აქ ვარ მატრასის ქვეშ და ტყუილად გიხარიაო”
დაწყევლილია დღე როცა სიზმრების ჩაწერას დაიწყებ ბნელო, იმის შემდეგ ნორმალურ ადამიანად ვეღარასდროს წარმოიდგენ თავს, დასრულდა უდარდელი დღეები ვსო
მზე ანათებს, ეზოდან ბავშვების მხიარულების ხმები ისმის, სუსტი ნიავი ფარდებს აშრიალებს, ელექტრო ჩაიდანმა დუღილი დაასრულა, სიცოცხლე სასიამოვნოა მაგრამ რად გინდა?
გაიხედავ და აგერ არ დევს შენი დაწყევლილი სიზმრების რვეული?
შენი სისულელის და სიბნელის მოწმე და მესაიდუმლე.
რაღას გაიხარებ
ანდაც დაგავიწყდა, ვთქვათ ცოტა ხნით დაგავიწყდა და გიხარია, ტელეფონი აიღე, შემთხვევით ხელი დაგეჭირა ნოუთებზე და იქ შენი გუშინწინდელი იდიოტური სიზმრის პირველი წინადადება არ შემოგეფეთა?
ეგრევე სახეზე შეგეყინება ის ღიმილი, სიამაყე კი არა.
ჰოდა, ამის შემდეგ რომ ჩამომისკუპდება წინ ვინმე ახალბედა მოფსიქოლოგო ელემენტი და სიამაყით გამომიცხადებს სიზმრებს ვიწერო, რანაირად დავუჯერო? არაფრისაც არ მჯერა.
თუ მაინცდამაინც მოფარებულში არ გამიყვანს და იქ ყურში საიდუმლოდ არ მეტყვის
“იცი მე სიზმრებს ვიწერ”
მერე სახეზე თმას არ ჩამოიფარებს და იმ თმაში არ დაიმალება, ან თუ თმა არ აქვს, იქვე კუთხეში არ დადგება თავისი ნებით სახით კედლისკენ,
ვერაფერსაც ვერ დავიჯერებ.
მერე კიდე, ცოტა ხომ უნდა გეტყობოდეს რომ სიზმრებს იწერ.
ერთი იყო ეგრე მატყუებდა და თან ისიც არ იცოდა, რომ მამამისზე გაბრაზებულია.
პფფ ვის ჯერა იმის ჩაწერილი სიზმრების, ვინც არ იცის, რომ მამამისზეც, ნახევარ კორპუსზეც, იმის წინა და უკანა კორპუსზეც, შუქნიშნებზეც, ქუჩის კატებზეც, დანაჩანგლებზეც, იმ ბუტკის ქალზეც, ოცდაათი წლის წინ რომ ნისია არ მისცა და იმ კომოდზეც, რომელსაც რამდენჯერმე ნეკა თითი მისცხო _ გაბრაზებულია.
Leave a Reply