ფსიქოლოგიის მეცნიერება დროს ჩამორჩა

ფსიქიკური რეალობა რომელსაც ჩვენ ვცხოვრობთ ეკრანში თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ბრმა წერტილია, იქაც კი, სადაც არ ეკადრება კაცობრიობას, ესეიგი მეცნიერებაში, არსებობს მოძველებული სტიგმები ეკრანების შესახებ.

თანამედროვე საზოგადოებასა და ფსიქოთერაპიაში ეკრანი და მასთან დაკავშირებული გამოცდილება უსამართლოდაა დემონიზირებული. ფსიქოლოგია ეწევა რეალობის სუბიექტურ კატეგორიზაციას, ანუ ფიზიკური რეალობა გამოცხადებულია „ნამდვილ” რეალობად, ხოლო ეკრანის მიღმა განცდილი ფსიქიკური რეალობა „არარეალურად“ და „ილუზორულად“.

იმედი მაქვს, ჩემს მკითხველებში არ აღმოჩნდება ვინმე იმდენად სულელი, რომ იფიქროს, თითქოს აქ საუბარია ეკრანისთვის პრიორიტეტის მინიჭებაზე ან იმის მტკიცებაზე, რომ ეკრანთან ცხოვრება უკეთესია. არა, აქ საუბარია ფსიქიკური რეალობისადმი ელემენტარული პატივისცემის მოთხოვნაზე და ფსიქოთერაპიის მხრიდან იმის აღიარებაზე, რომ სუბიექტური გამოცდილება და ფსიქიკური გამოცდილება იმდენადვე რეალურია როგორადაც ფიზიკური გამოცდილება, ამის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს ფსიქოლოგიის მეცნიერებას, როდესაც ის მკურნალობს ადამიანს, რომელიც შეიძლება იჯდეს იდეალურ ფიზიკურ გარემოში, იცინოდეს, ერთობოდეს, პეპლებს დასდევდეს, მაგრამ იტანჯებოდეს მძიმე დეპრესიით. ტანჯვა, სიყვარული, მიჯაჭვულობა თუ გლოვა ფსიქიკური რეალობაა.

ამიტომ, ისმის სამართლიანი შეკითხვა:

რატომ გადაწყვიტა კაცობრიობამ ხელაღებით, რომ ეკრანის მიღმა განცდილი ემოციები არარეალურია, თუ ფსიქიკაში განცდილ დეპრესიას ვმკურნალობთ?

ამიტომ ვაყენებ საკითხს, ფსიქოლოგიის მეცნიერება დროს ჩამორჩა და ვასაბუთებ, თუ რატომ.

განვიხილოთ ონტოლოგიური ორმაგი სტანდარტი.

მაგალითად, თუ ადამიანი წიგნის პერსონაჟზე ტირის, ამას „ღრმა ემპათიას“ და „სულიერ სიმდიდრეს“ უწოდებენ.

თუ იგივე ემოცია ეკრანზე წაკითხულმა ტექსტმა გამოიწვია, მაშინ „ზომბირებასა“ და „რეალობისგან გაქცევას“.

კაცობრიობას ყოველთვის ეშინოდა მედიუმების, ესეიგი რაღაც ახალი ფსიქიკური გამტარების. ესაა ახალი მედიუმის შიშის ისტორიული შაბლონი. კაცობრიობა სიახლეებს ყოველთვის დემონიზაციით ხვდება.

წიგნის ბეჭდვა რომ დაიწყო ქალებს უსვამდნენ “კითხვის ისტერიის დიაგნოზს” თუ რომელიმე მათგანი მაგალითად გაბედავდა და სახლის საქმეების კეთებაზე უარს განაცხადებდა, ეზარებოდა, კითხულობდა ან ემოციური ხდებოდა, მაშინვე კითხვის ისტერიის დიაგნოზს უსვამდნენ და არც თუ ისე იშვიათად “მკურნალობდნენ” ელექტროშოკით.

რომანტიზმის ბუმი რომ დადგა მაგალითად გოეთეს ვერტერისეპოქაში, გამოიგონეს ახალი ფსიქოპათოლოგია ” ვერტერის ეფექტი” და ფიქრობდნენ, რომ თეატრი იწვევდა ემოციურ არასტაბილურობას ახალგაზრდებში.

როკ-მუსიკას ხომ დემონიზირებდნენ და დემონიზირებდნენ, ამბობდნენ რომ როკი იწვევდა მასობრივ ისტერიას, ფსიქოზურ აღგზნებას და პირდაპირ ცხადდებოდა, როგორც პათოლოგია და კრიმინალური ფსიქოტიპის უტყუარი ნიშანი.

ახლა ეკრანი უბრალოდ ახალი სამიზნეა ისტორიული სტიგმების, ადამიანთა შიშების მედიუმების მიმართ.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ წიგნიც, პიესაც და როკმუსიკაც ნამდვილად იწვევს ცვლილებებს ადამიანში, არც თუ ისე უსაფუძვლო იყო მათი პრეტენზიები, მაგრამ გამოხდა ხანი და ადამიანმა მიიღო მედიუმი, როგორც ნორმალური ცხოვრების ნაწილი, მუსიკა, ხელოვნება, ლიტერატურა, როგორც არა რელაობისგან გაქცევა, არამედ შემოქმედებითი პროცესი. მაგრამ მის წინაშე ახალი მედიუმია, ეკრანის მონსტრი, რომელიც ჯერ ვერ მიუღია.

რომლის დემონიზირებაც კარგად წარმოაჩენს ადმაიანების ეგოცენტრულ თავდაცვას. მაგალითად, როდესაც მშობელი თუ საყვარელი ადამიანი ხედავს ეკრანში ჩაძირულ ადამიანს, ის განიცდის უარყოფას და აცხადებს „თუ მე არ ვარ შენს რეალობაში, ესე იგი შენი რეალობა მცდარია“, იგივე შეცდომას უშვებს ფსიქოლოგიის მეცნიერებაც და სამარცხვინოდ აცხადებს, “სადაც მე ვერ გხედავ, იქ შენ არ ცხოვრობ”.

მაგრამ სინამდვილეში ეკრანთან მჯდომარე ადამიანი ცხოვრობს, მისი ფსიქიკური ცხოვრება მიმდინარეობს ეკრანის მიღმა, განიცდის ემოციებს, ტვინი ამუშავებს კოგნიტურ ფუნქციებს, აზროვნებს და გრძნობს, ის ცხოვრობს, უბრალოდ შენ არ ხარ მის ცხოვრებაში ამწუთას და ესაა სიმართლე, რომლის აღიარებაც მეცნიერებასაც კი უჭირს.

ახლა მე, როდესაც ეკრანთან ვზივარ, ამის შესახებ ვწერ და ვაზროვნებ, ჩემს მიერ ამ წამს განცდილი ფსიქიკური რეალობა რის საფუძველზეა არავალიდური რეალობა, მაგრამ მწვანილი რომ დამეჭრა რის საფუძველზე იქნებოდა ვალიდური რეალობა? და თუ უბრალოდ დავჯდები და იქით აქეთ მიმოვიხედავ ამის წერის ნაცვლად, რის საფუძველზე ჩაითვლება ის უფრო რეალურ ფსიქიურ აქტივობად?

ამაზე ობიექტური პასუხი არ გაქვთ, სტიგმები ბევრი.

და ერთერთია სუფთა რეალობის მითი. თითქოს ფიზიკური რეალობა იყოს სუფთა რეალობა, ხოლო ფსიქიკური რეალობა არადამაჯერებელი, ილუზორული, არაზუსტი, განსაზღვრული, მაგრამ ფიზიკური რეალობაც, ცხოვრებაც ფიზიკურ რეალობაში, აღქმები რეალობის შესახებ ასევე განსაზღვრული და განპირობებულია მილიონი ფაქტორით, ჩვენ ვერც რეალობაში და ვერც ფსიქიკურ რეალობაში ვერ ვხედავთ სუფთა რეალობას, წმინდა რეალობა დანახული არც ეკრანის მიღმაა და არც ეკრანში.

ამიტომ უნდა ვაღიაროთ თაობათა კოგნიტური დისონანსი, თანამედროვე გამოცდილ თერაპევტებს თავად არ გამოუცდიათ ციფრული სივრცის ემოციური სიღრმე, ამიტომაც უჭირთ მისი ვალიდაცია, მათ ნახევრად არ ესმით და ნახევრად სძლევთ პროფესიული სიზარმაცე, რომ მიიღონ ახალი მედიუმი, როგორც ფსიქიკური რეალობის ახალი და ვალიდური რეალობა, ამიტომ ირჩევენ იარლიყების მიწებებას როგორიცაა „ეკრანდამოკიდებულება“ ან „ციფრული აუტიზმი”.

სანამ ჩემი და ახალი თაობის კვლევებს არ მიეცემათ აკადემიური წონა, იქამდე იქნება ეკრანი არქაულად დემონიზირებული.

ეკრანი არ არის რეალობის ალტერნატივა, ეს ფსიქიკური რეალობის ახალი სივრცეა. ამის გააზრების ნაცვლად თერაპევტების უმეტესობა ცინიკურად უყურებს პაციენტის მიერ მოთხრობილ ნებისმიერ ამბავს სოციალური ქსელიდან, ციფრული სამყაროდან მოყოლილი ყველა ისტორია რეალობისგან გაქცევად სახელდება, ემოციები, იდეები, ურთიერთობები, მაგრამ პაციენტის ამ გამოცდილების „არარეალურად“ გამოცხადება კლიენტის ფსიქიკური ცხოვრების გაუფასურებაა, რადგან ეკრანის მიღმა განცდილი ყველა ემოცია ზუსტად იმგვარად რეალური ფსიქიკური გამოცდილებაა, როგორიცაა მეზობელზე განაწყენება, დედის მიმართ სიძულვილი და სხვა.

ასე რომ ეკრანთან განცდილი ფსიქიკური რეალობის უარყოფა და დემონიზაცია შიშით და უმეცრებით გამოწვეული აბსურდია და მეტი არაფერი.

გავა დრო და ეკრანის მიღმა განცდილი ცხოვრება გახდება ზუსტად ისეთივე ვალიდური და ნორმალური, როგორიცაა წიგნის კითხვა, თეატრში განცდილი ემოციები ან ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილებები, უბრალოდ ფსიქოლოგიის მეცნიერება ვალდებულია ეს პროცესი დააჩქაროს, ნაცვლად ახალი მედიუმის დემონიზირებისა.

ასე რომ, თქვენ დიდ მეცნიერულ და ისტორიულ შეცდომას უშვებთ ბატონებო და საკუთარ დარგს ეწინააღმდეგებით, როდესაც წარმოადგენთ ფსიქიკური რეალობის მკურნალს, მაგრამ ეკრანით განცდილი ფსიქიკური რეალობის ვალიდურობას უარყოფთ.

ბევრი ადამიანი მოსულა ჩემთან მსგავსი ჩივილით, თუ როგორი ცინიზმითა და უარყოფით ხვდებიან ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები ყველა ისტორიას ეკრანის ცხოვრებიდან.

მათი ჩივილები სამართლიანია, ყველაფერი რაც ფსიქიკაში ხდება მნიშვნელოვანია, მათ შორის ციფრული ცხოვრების ფსიქიკური რეალობა.

ადამიანი აქაც ისე განიცდის, როგორც პურის რიგში და ხანდახან მეტადაც.

ბავშვები მინახავს, მძიმე თვითშეფასების პრობლემებით, რადგან მათ არ შეუძლიათ ისე კარგად კომპიუტერული თამაშების თამაში, როგორც სხვებს. ისინი სხვა სამყაროშიც ცხოვრობენ და იმ სამყაროში კონკრეტული უნარებით იღებენ სოციალურ სტატუსებს.

ჩნდება კითხვა, თუ ციფრული რეალობა არავალიდურია, როგორ გამოიწვია უმძიმესი ფსიქიკური პრობლემები? რა ხდება იქ, რასაც თქვენ ჯერ ვერ ხედავთ?

ეკრანი უბრალოდ შეუცნობელი ახალი სამყაროა, საჭიროა სიმამაცე და მეცნიერული მოწადინება, ჯერ კიდევ შეუცნობელს მხოლოდ სულელები დემონიზირებენ.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading