მე ძალიან კარგად მესმის ჩემი თანატოლების შიშები მშობლობასთან დაკავშირებით, არა მარტო მესმის, მე ვხედავ მათ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ყველა მშობლისათვის აუცილებელია და თუ მშობელს არ აქვს ასეთი ძლიერი პასუხისმგებლობა, ის ვერც იქნება კარგი მშობელი. სწორედ ამიტომ, მე მესმის და ვაფასებ კიდევაც შიშებს, რომლებიც ყველა მხრიდან მესმის, ამ სიდუხჭირეში და ფაქტია სიდუხჭირეა ქვეყანაში, ფასები ისტერიულად გაქცეულია, შვილის ყოლას უდიდესი ფინანსური და ემოციური რესურსი სჭირდება და ამას დამატებული სჭირდება ფსიქოლოგიური მზაობა, მშობლის ღირებულების გაცნობიერება და სხვა რთული უნარები, მაგალითად დათმობის უნარი, საკუთარი ინტერესის გვერდით გაწევის უნარი შვილისათვის, თუ ეს საკითხი პრობლემურია, ადამიანს ძალიან გაუჭირდება მშობლობა ან გახდება უპასუხისმგებლო მშობელი.
ყველა ადამიანი, რომელიც ამ პრობლემებს აცნობიერებს ძალიან ჯანსაღად აზროვნებს.
მაგრამ, როდესაც ეს ჯანსაღად მოაზროვნე ფხიზელი ადამიანი ამ პრობლემებს ასახელებს უშვილობის მიზეზად და მე ვეთანხმები ამ პრობლემების სიმძიმის აღქმაში მათ, მაინც მიჩნდება ხოლმე ფიქრი, მაგრამ არ ვეუბნები, რადგან არაეთიკურად მიმაჩნია, მაგრამ ასეთი ფიქრი მიჩნდება,
“ზუსტად შენსავით უნდა აზროვნებდეს მშობელი”
“ზუტსად ასეთ პასუხისმგებლიან ადამიანს შეუძლია იყოს კარგი მშობელი”
“ნეტავ ამას თუ ხვდება რა ფხიზელი მშობელი იქნებოდა”
თითქოს ეს არ ესმით, რომ მიზეზები რასაც ასახელებენ ისე მიუთითებს ძალიან ლეგიტიმურ არგუმენტზე,თუ რატომ არ უნდა იყოლიონ შვილი, როგორც ამავდროულად მიუთითებს ძალიან ლეგიტიმურ მეორე არგუმენტზეც, ზუსტად ამიტომ შეუძლიათ იყვნენ კარგი მშობელი.
ასევე, ასეთ ადამიანებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გამორჩებათ ხოლმე.
სამყაროში არცერთი მშობელი, არსად და არასოდეს ყოფილა მზად მშობლობისათვის, არ არსებობს იდეალური მშობელი და მითუმეტეს არ არსებობს იდეალურად მომზადებული მშობელი, საერთოდ არავინ არასდროსაა მზად ამხელა თავგადასავლისათვის, რასაც მშობლობა ჰქვია
ასე რომ, ყველა მშობელი პროცესში სწავლობს,
ამიტომ ერთადერთი ლეგიტიმური არგუმენტია, რომ არ შეუძლია შეიძლება ადამიანს ამ რთული გაკვეთილის გავლა, მზად არ არის სასწავლად, თორემ მშობლობისთვის მზად არავინ არაა, მაგრამ აუცილებელია მზად იყოს სწავლისათვის, მცდელობისათვის, იმ ძალიან მტკივნეული მომენტებისათვის, როდესაც ის გააცნობიერებს ხოლმე, რომ ახლა არც ისე კარგი მშობელივით მოიქცა ან იმ შიშებისათვის, რომ საშინელი მშობელია და მზად უნდა იყოს მერე საკუთარი თავის პატიებისათვის და უკეთესი მცდელობისათვის, ზრდისთვის თავად უნდა იყოს მზად ის, ვინც ბავშვის აღზრდას აპირებს.
მხოლოდ ეს მზადყოფნა გჭირდება,
არ გჭირდება მზად იყო მშობლობისათვის,
მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სწავლა, შეცდომა, აღიარება, შეცვლა, გამოსწორება, დამარცხება, გამარჯვება და მილიონი თავგადასავალი მოგელის, ამ თავგადასავლისთვის უნდა იყო მზად, თორემ მშობლობისათვის მზად არავინ და არასოდეს ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში, ამიტომაც მშობლები ყოველთვის უშვებდნენ და აუცილებლად უშვებენ შეცდომებს, რასაც გავლენა აქვთ ბავშვებზე, მაგრამ მთავარია ვინ ცდილობს იყოს “უკეთესი მშობელი”, რადგან ამ მცდელობებსაც, ამ სწრაფვასაც მოჰყვება თავისი დადებითი შედეგები, მეტსაც გეტყვით, მშობლობაში მთავარი ეს სწრაფვაა და ბავშვი ამას იმახსოვრებს, რამდენად ცდილობდა მისი მშობელი უკეთესობას და არა იმას, თუ რამდენად იდეალურად გამოუვიდა.
ასე რომ, თუ შენ აცნობიერებ უდიდეს პასუხისმგებლობებს და მზად ხარ იმისათვის,. რომ ამ გზაზე შეგეშლება, მაგრამ რომ მოკვდე, მაინც ადგები და მცდელობას განაგრძნობ, მაშინ ამაზე მეტი მზადყოფნა მშობლობისათვის არ გჭირდება.
ასევე აუცილებელია გადალახო ეგზისტენციალური დილემა,
რომ ადამიანი მოგყავს ნაკლულ სამყაროში, მაგრამ არსებობა სჯობს არარსებობას, თუ შენთვის ეს აზრი არ ჟღერს ჭეშმარიტად, თუ შენთვის სიცოცხლე “კარგი” არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრიც გტკენია, ბევრჯერაც შეგშლია და ბევრჯერაც გიტირია, მოუხედავად ამისა, სიცოცხლე ღირებული რამ თუ არაა შენთვის, მაშინ ძალიან გაგიჭირდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ეგეც კი ისწავლო, რადგან მაგ პროცესში წარმოუდგენელი ამბები ხდება მათთვის, ვისაც სწავლა უნდა.
Leave a Reply