დაბალი თვითშებასების პირმშო – ბულინგი

ის, რაც დღეს ხდება საზოგადოების ნებისმიერ ფენაში, ჯგუფში, ადამიანთა ყველა შეკრებაზე, რომ ჯგუფმა იპოვნოს “დასამცირებელი ობიექტი”, ადამიანები დაახლოვდნენ “საერთო გოიმი მტრის” ერთობლივი ბულინგის საფუძველზე, იპოვნონ თავშესაქცევი, გასამხიარულებელი და საკისკისო თემა დასაახლოვებლად და თავის წარმოსაჩენად, ესეიგი ის რაც დღეს ხდება საზოგადოებაში

_ ​ აგრესიისა და ბულინგის ნორმალიზაცია,

ეთიკური ჰიგიენის დაბინძურება,

ცივილიზებული საზოგადოების მიერ გაცნობიერებულ ღირებულებათა უარყოფა და დაცინვა

ყველაზე ხელსაყრელ ფონს უქმნის თვითშეფასების პრობლემების მქონე ადამიანებს.

ისინი თევზები არიან, ვერ გრძნობენ საკუთარ ღირებულებას და აგრესიის ნორმალიზება მათთვის წყალია, სადაც თავისუფლად გაცურავენ და მოიპოვებენ ძალაუფლებას.

ბოლო ბოლო, თუ სხვა ვერაფერი წარმატება მიაღწიეს, აგრესია და ბულინგი მაინცაა მარტივი.

მათთვის ძალაუფლება მომხიბვლელია, მათ ძალაუფლების დანაკლისი აქვთ, თუმცა, რადგან ძალაუფლების მოპოვება არგუმენტებითა და კონსტრუქციული დიალოგით არ შეუძლიათ, ბულინგის ” ტრენდს” იყენებენ სხვების დასამხობად. ეს მათ საშუალებას აძლევს, მსხვერპლის ფონზე თავად უპირატესად წარმოჩინდნენ, მოიპოვონ ფასადური ძალაუფლება და საკუთარი თავიც დაარწმუნონ ამ უპირატესობაში.

​ასეთი ადამიანები მოკლე, უხეშ და ხშირად უაზროდ ცინიკურ ფრაზებს ისვრიან. მათი იარაღი ინტერნეტ-სლენგია, არგუმენტებს კი საერთოდ არ იყენებენ. მაგალითად, როდესაც ვინმე ეთიკის აუცილებლობაზე სამგვერდიან ესეს წერს, მათი კომენტარია

“დასაბულინგებელი უნდა დავაბულინგოთ”,

ან რაღაც მსგავსი იუმორისტული შეძახილი.

ამ ფრაზების მიღმა იმალება ძალაუფლების მაძიებელი ადამიანი, რომელსაც კოგნიტური ძალისხმევის გაწევა და ტექსტის გააზრება არ შეუძლია, ამიტომ აკეთებს მოკლე ჩართვას, ამცირებს ავტორს და ამით თავს არიდებს საკუთარი კომპეტენციის მტკიცებას. ეს არის სიცარიელის შენიღბვის მცდელობა, რადგან, როცა სათქმელი არაფერი გაქვს, ისღა დაგრჩენია სხვისი ნათქვამი მაინც გააუფასურო.

მეტსაც გეტყვით, უარგუმენტო ბულინგი და უარგუმენტო უარყოფაც ერთგვარი ტრენდია, ხშირად შემიმჩნევია, რომ ადამიანები თითქოს ვერც კი აცნობიერებენ, რომ აზრის გამოხატვა არგუმენტის აუცილებლობას გულისხმობს, თითქოს ისინი შეეჩვივნენ ინფანტილურ უარყოფას,

“ეს არმომწონს”

” ეს დებილობაა”

“არა ეგრე არაა”

” შენ ასეთი და ისეთი ხარ ამის დამწერი”

არ მოჰყავთ არანაირი კონსტრუქციული არგუმენტი და ამას უწოდებენ კრიტიკას, მაგრამ ეს ინფანტილური უარყოფა და ბულინგია.

​ბულინგის შემცველი კრიტიკა დაბალი თვითშეფასების აგრესიული თავდაცვაა.

დაბალ თვითშეფასებაზე არსებობს წარმოდგენა, რომ ის დაჩაგრული, მოკუნტული ადამიანის თვისებაა, მაგრამ ეს ასე არაა, დაბალი თვითშეფასება უფრო ხშირად ვლინდება აგრესიით, ბულინგით და ძალადობით. როდესაც ადამიანს არ გააჩნია შინაგანი რესურსი, ცოდნა, ემპათია თუ მსჯელობის უნარი, იძულებულია გამოიყენოს ყველაზე პრიმიტიული იარაღი, ანუ დომინაცია. მოკლე, უშინაარსო ფრაზები და სლენგი “პაროლის” ფუნქციას ასრულებს, რაც მათ ჯგუფთან იდენტიფიკაციაში ეხმარება ,ამით ისინი აცხადებენ

“მე ამ თანამედროვე ჯგუფის ნაწილი ვარ”

​მთელი ეს პროცესი შიშებიდან და დაუკმაყოფილებელი სურვილებიდან მოდის. “ძალადობრივი სამართლიანობა’” სინამდვილეში შიშზე დაფუძნებული ქცევაა, თუ სხვას არ დაამცირებ, თავად გამოჩნდები სუსტი; თუ სხვას არ დასცინებ, გამოაშკარავდება შენი შინაგანი სიცარიელე. ხშირად ის ღირებულებები, რომლებსაც ეს ადამიანები ბულინგით “იცავენ” , მათი პირადი მრწამსიც კი არაა. ისინი ჯგუფის კალთას ეფარებიან, იმეორებენ სხვის ფრაზებს და სოციალურ მასას ფარად იყენებენ. ისინი გრძნობენ ზურგსუკან იმ ჯგუფის მხარდაჭერას, რომლისთვისაც ეთიკური ჰიგიენა “ძველმოდური და სასაცილოა”, სწორედ ამიტომ მშვიდად აყენებენ სხვას შეურაცხყოფას, რადგან ჰგონიათ, რომ მათ მხარეს “პროგრესული მასა” დგას,

სინამდვილეში,

ეს მასა თავადაც შიშისა და დაბალი თვითშეფასების პირმშოა.

მაგალითად, წინაზე, შემხვდა კომენტარი

“ერთი წამით, ფეხზე რა აცვია”,

რომელსაც ჰქონდა ასამდე დაგულება.

ეს შეუძლია ტრენდს, წარმოგადგენინოს, რომ რამე ღირებულს ამბობ, შეგიქმნას ძალაუფლების ყალბი ილუზია და ზურგი გაგიმაგროს რაოდენობრივად.

შენც დგახარ ბრბოსთან ერთად, იცინი და წარმოდგენაც არ გაქვს, რომ საკუთარმა არარაობის შეგრძნებამ და სიცარიელემ მოგიყვანა აქ, სადაც ყალბი ძალაუფლებით გკვებავენ შენსავით ძალაუფლებას მოწყურებული, დაბალი თვითშეფასებით გატანჯული ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი სიმძიმის ბულინგზე წავლენ

დაბალი თვითშეფასების იმხელა უფსკრული აქვთ ამოსავსები.

და, რაც უფრო სასტიკნი არიან ისინი, მით უფრო დიდია მათი სიცარიელე.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading