ცოდნის პრიორიტეტი ისაა, რომ სახელს არქმევს რაღაცას, რაც ბუნდოვანი მდგომარეობაა გონებისათვის.
სახელი, სიტყვა წარმოსახვას ძერწავს უფრო მკაფიო ფერებში, წარმოდგენას ამარტივებს, მაგალითად, თუ მეგობრობას არ ექნებოდა საკუთარი სახელი, ჩვენ ძნელად ავხსნიდით და წარმოვიდგენდით რა არის ზუსტად მეგობრობა, სად იწყება და სად მთავრდება, რა ნიშნებს შეიცვას ის და რით განსხვავდება სხვა ურთიერთობათაგან. როდესაც, მას მიენიჭა სახელი, მარტივი გახდა აღქმა, კომუნიკაცია და ურთიერთობებიც.
ასეა ცოდნაც, ის ანიჭებს სახელებს შენს მდგომარეობებს, რაც გიმარტივებს აღქმას, დამახსოვრებას და მუშაობას იმაზე, რა მდგომარეობაცაა შენში. არასწორი ან ნაკლული სახელი, ანუ ცრუ ცოდნა, პირიქით გირთულებს გონებრივ ორიენტაციას.
თუმცა, ადამიანმა შეიძლება ისწავლოს და გამოიმუშაოს ემპათია ცხოვრებისეული გამოცდილებით და საერთოდ არ იცოდეს რა ჰქვია ამას, რაც გამოიმუშავა, სახელიც ვერ დაარქვას, ან გადაიტანოს ძალადობის ტრავმა და ტკიოდეს ეს მოგონება და სულ არ იცოდეს რომ ამას ძალადობა ჰქვია, შესაძლოა ადამიანმა არ იცოდეს სიტყვა “თვინიერების” მნიშვნელობა ან საჭიროება, მაგრამ თავისუფალი ნებითა და პიროვნული ძალისხმევით მიაღწიოს რაღაც დონის თვინიერებას.
იმას ვგულისხმობ, რომ მცოდნე არ უნდა იყოს ამპარტავანი და უნდა ახსოვდეს, რომ თუ ვინმემ ბუდა არ იცის, ეს არ ნიშნავს, რომ მან შესაძლოა შენზე უკეთესად არ გამოიმუშავა აწმყოში ყოფნის უნარი, რომელზეც შენ მხოლოდ ინფორმაცია გაქვს.
და არც ის უნდა იყოს ამპარტავანი, ვინც ცოდნის გავლით არ სწავლობს, რადგან უნდა იცოდეს, რომ ცოდნისმქონეს გაცილებით მეტი გონებრივი ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ რაიმე უკეთ გააცნობიეროს და ისსწავლოს.
საუკეთესო შემთხვევაში, ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ ადამიანში და ავთენტური,.ემპირიული ცოდნაც სწორედ აქედან იბადება.
Leave a Reply