ჩვენი ბუნება გაორებულია ინდივიდუალიზმსა და კოლექტიურ ქცევას შორის.
როგორც კი ვინმე საუბრობს ინდივიდუალიზმის შესახებ, პლანეტაზე არ მოიძებნება ერთი ადამიანიც კი, რომელიც გააკეთებს ასეთ კომენტარს
“უი, მე ბრბოს ადამიანი ვარ, ინდივიდი არ ვარო”
არამედ, ნებისმიერი იტყვის, რომ
“კი, ჩვენ, სხვანაირები”
“დიახ, როგორ გეთანხმებით და ხალხს არ ესმის”
თუ ოდესმე რამე დაგიწერიათ ინდივიდუალიზმე, დააკვირდებოდით, რომ ყველა გეთანხმებათ, ამიტომ გიჩნდებათ კითხვა, თუ ყველა ინდივიდია ამ ჩემს კომენტარებში, მაშინ ბრბო სადღააო.
ერთი სიტყვით, ამბავი იმაზე თუ “რავა ყველა ინდივიდია”
ყველა ადამიანის ინდივიდობის საკითხი მართალიცაა და ტყუილიც.
მართალია, რადგან როდესაც თქვენ ერთი ერთზე ესაუბრებით ადამიანს, პლანეტის ნებისმიერ ადამიანს, როდესაც ის მარტო კითხულობს ან უსმენს თქვენს აზრს, ის ამ დროს ინდივიდია, მეტნაკლებად მოწყვეტილია ბრბოს აზროვნებას, ამიტომ სიხარულით გეთანხმებათ, საკუთარი მარტოობიდან გეთანხმებათ თქვენს მარტოობაში.
ტყუილი კი იმიტომაა, რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება, საკუთარი თავი საშუალო სტატისტიკურ ადამიანზე უკეთესად, უფრო გათვითცნობიერებულად და უფრო ინდივიდუალურად აღიქვას.მეტსაც გეტყვით, როგორც კი ის ვინმე “ჭკვიანს, კარგს და აშ. დაინახავს, სასწრაფოდ გონებაში იწყებს საკუთარი უკეთესი თვისებების მოძებნას, რომ აჯობოს, თუ არადა დაუვარდება თვითშეფასება. ამიტომ, როდესაც ისინი უსმენენ მსჯელობას ინდივიდუალიზმზე, ისინი ავტომატურად “გამონაკლისთან” აიგივებენ თავს, ყველაფერი დანარჩენი “სხვათა” თვისებაა, მეზობლის, ნათესავის, გამვლელ-გამომვლელის, მაგრამ არასოდეს თავად მსმენელის.
თუმცა, რეალური ინდივიდუალიზმი იწყება იქ, სადაც ადამიანი ფიზიკურ ან ციფრულ ბრბოში აღმოჩნდება, მაგრამ ინარჩუნებს ინდივიდუალიზმს იქაც კი, სადაც ირთვება თვითგადარჩენის ინსტიქტი, მიკუთვნებულობის, ერთიანობის განცდა, იკლებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, სადაც ადამიანი ბრბოსთან ერთად აკეთებს იმას, რასაც მარტო ყოფნისას მიუღებლად მიიჩნევდა.
ასე რომ, ადამიანი ინდივიდია ხოლმე იქამდე, სანამ არ მოხვდება “კომფორტულ” გარემოში, ბრბოს დინებაში.
ინდივიდუალიზმზე ფიქრი სასიამოვნოა, კვებავს ადამიანის ნარცისიზმს, ყველას უნდა, რომ იყოს სხვანაირი, მაგრამ რეალურად, ინდივიდუალიზმი დიდ ენერგიას და სიმამაცეს მოითხოვს, ეს მუდმივი წინააღმდეგობაა კოლექტიურ აზროვნებასთან, ცხოვრების წესია და არა ძილის წინ მოყოლილი ზღაპარი საკუთარი განსხვავებულობისა და შესანიშნავობის შესახებ.
ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი სასწრაფოდ მოგიწონებთ პოსტს ინდივიდუალიზმზე, სხვათაშორის, ინდივიდუალიზმზე და განსხვავებულობაზე ბევრი საუბრით გამდიდრებაც შეგიძლიათ, ყველას სიამოვნებს ნარცისული ტკბობა. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში პირველივე ქვას ისვრის, რადგან ” ასეა საჭირო” “ყველა ასე შვება” “ლამზირას გოგომ ასე ქნა”.
მაგრამ, ინდივიდუალიზმი არ არსებობს, თუ არ არსებობს რეფლექსია, თუ ადამიანი არ შეწყვეტს საკუთარი იმპულსების სხვებზე პროეცირებას, ესეიგი, თავს არ დაანებებს განტევების ვაცის ძიებას საკუთარ ცხოვრებაშიც და სოციალურ ცხოვრებაშიც, როდესაც ადამიანი ინტეგრირებულია საკუთარ კარგობასა და ცუდობასთან, ესეიგი მან იცის საკუთარი სიკარგეცა და სიცუდეც, ესეიგი მას შეუძლია თქვას, რომ შენი მშვენიერი წერილი იდეალური ადამიანის შესახებ მას არ ეხება, ესეიგი, როდესაც ადამიანი აღარ ეძებს სხვათა ვალიდაციას, სხვათა მოწონებას, არამედ სიმართლე და რეალობა ხდება მისი ერთადერთი მიზანი.
ვისაც შეუძლია მარტო ყოფნა, მაშინ როდესაც ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ მარტოობა შეუძლია, რადგან გამოცდილი აქვს მარტო ყოფნის მდგომარეობა ან ოდესმე მარტო დარჩენილა საკუთარ ფიქრებთან, არა, ეს არაა მარტოობის უნარი, მარტოობის უნარი ისაა, როდესაც შენ საკუთარ ღირებულებასთან მარტო დარჩენა შეგიძლია, შენ შეგიძლია დაიცვა ღირებულებები, რომლებსაც ეწინააღმდეგება ყველა და მაშინაც, როდესაც შენი აზრი ემთხვევა უმრავლესობის აზრს, ეს გაცნობიერებული აზრია და არა სოციალური ინერცია.
ინდივიდი არ იმართება შიშით, სიძულვილით ან ეიფორიით, მას უნარი აქვს შეაჩეროს ემოცია, დააკვირდეს, პაუზა გააკეთოს, არ მოქმედებს პირველივე იმპულსზე, თავისუფალო ნება და ინდივიდუალიზმი ზუსტად ამ პაუზაშია, “მე გავჩერდი და გონივრულად გადავწყვიტე, ჩემი საკუთარი გადაწყვეტილება მივიღე, მე ბრბო კი არა, ჩემივე ემოციებიც კი ვერ მმართავს. “
ინდივიდს ენაც კი საკუთარი აქვს, წინადადებები გაჟღენთილი არაა სოციალური შაბლონებით, საყოველთაო ლოზუნგებით, ყურს აიძულებს ყურადღებას და გონებას აიძულებს დაფიქრებას, რადგან სტანდარტულად არ მიდის აზრთა დინება, შინაარსის გამოტანას იიძულება.
ინდივიდუალობა არის ეგოს გამარჯვება სუპერეგოზე, ანუ სოციალურ ნორმებზე და იდიზე, ანუ ბრბოს ინსტიქტებზე.
ინდივიდუალიზმი საკუთარი თავის შემოქმედებაა.
ასე რომ, შენი ინდივიდუალიზმი იქ არ წყდება, მოიწონე თუ არა ჩემი პოსტი ინდივიდუალიზმე, შენი ინდივიდუალიზმი იქ წყდება, ბრბოში რომ დგახარ, ის ბრბო სადღაც მიიჩქარის, სადაც შენ არ გინდა წასვლა და შენ ბრუნდები, უკან ტრიალდები, გადაგთელავენ? შეიძლება. მოგიძულებენ? აუცილებლად, მაგრამ შენ არ შეგიძლია მექანიკური ცხოვრება, მაშინაც კი, თუ შენც იქ წასვლა მიგაჩნია სწორად, სადაც ყველა მიდის, ეს შენი პირადი არჩევანია და არა ემოციური იმპულსი, გაბრაზება, აღფრთოვანება, სიძულვილი და ა. შ. არამედ ეს გონივრული გადაწყვეტილებაა, საკუთარ თავში მოხარშული, ასეთი მოხარშული აზრებით არავინ მიდის ქვების სასროლად,
ასე რომ , როცა არ უნდა გაიქცე ქვების სასროლად, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება კი არა, ბრბოს ინერცია იქნება.
Leave a Reply