რადგან, ადამიანისათვის ყველაზე დიდი ტვირთი თავისუფლებაა.
დოსტოევსკი დიდ ინკვიზიტორში ამაზე წერს, როდესაც ინკვიზიტორი ქრისტეს ეუბნება, შენ დაამძიმეო ადამიანები შენი თავისუფალი ნებით, ჩვენ ვართმევთ მათ თავისუფლებას და ვაძლევთ პურს და ისინი არიან ბედნიერნი.
ეს არ გეგონოთ ერთი და ორი ადამიანის პრობლემა, ვიღაც ბრბოს პრობლემა, რომელიც თქვენ არ გეხებათ, თავისუფლების პრობლემა აწუხებს ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერი ადამიანი ეძებს ვიღაცას ან რაღაცას, რისი მანიპულირების ქვეშაც ის აღარ იფიქრებს, პოლიტიკოსს, იდეოლოგიას, ფილოსოფოსს თუ საყვარელ ადამიანს, ვისი იდეებიც წარმართავს მის ცხოვრებას, ვინც მის ნაცვლად იფიქრებს და იმოქმედებს, ამიტომაც ადამიანი მუდმივად მსხვერპლობას ეძებს, რადგან მსხვერპლი თავისუფალია პასუხისმგებლობებისგან, როდესაც სხვაა დამნაშავე და მოქმედი პირი, შენ გრძნობ ნამდვილ თავისუფლებას პასუხისმგებლობებისაგან, თავისუფლებას თავისუფალი ნებისაგან, ამიტომაც შენ ისიც გჭირდება ვინც გჩაგრავს, რადგან ის შენს წილ თავისუფლებას თავის თავზე იღებს და ასე განთავისუფლებს პასუხისმგებლობებისაგან.
ასეა, თავისუფლება ყველაზე მძიმე ტვირთია ადამიანისთვის და მის ტარებას უდიდესი ღირსება და ფსიქიკური სიძლიერე სჭირდება, ამიტომაც თავისუფალი შეუძლია იყოს მხოლოდ მას, ვინც თავისუფალია საკუთარი ვნებებისაგან, რადგან ვნებებით შეპყრობილი ადამიანი აუცილებლად იპოვნის ავტორიტეტს ვნებების დასაკმაყოფილებლად და ამისთვის გადაიხდის საკუთარ თავისუფლებას და ეს იქნება სასიამოვნო.
ამავე ნარატივით იხსნება ბრბოს ფსიქოლოგიაც, მასის ადამიანი ცხოვრობს სხვათა გამოგონილი ცხოვრებით, რადგან გაექცეს ინდივიდუალურ, პირად პასუხისმგებლობას.ამიტომაც მას ახარებს და აღაფრთოვანებს ბრბოში დგომაც, რადგან მისი პასუხისმგებლობა აქ მთელს მასაზეა გადანაწილებული, მისი თავისუფლების ტვირთი ახლა ათასების კისერზე ნაწილდება.
სიყვარულიც იმიტომაა ყველაზე მოხმარებადი ნარკოტიკი, რადგან როცა გიყვარს, ყველაფერი, რასაც აკეთებ, ამ სიყვარულის ბრალია და არა შენი, ინდივიდის.
ამიტომაც რომანტიული სიყვარულის დროს შენ გრძნობ თავისუფლებას, რადგან გმართავს რაღაც და ეს რაღაც შენ არ ხარ, ამიტომ შენში გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები, თავისუფლებისგან თავისუფალი მდგომარეობის, უნებობის, იმის აღსანიშნავად, რომ ბოლოს და ბოლოს გმართავენ.
ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თავისუფლება მთლიანად ეფუძნება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ღრმა შინაგან განცდას და არჩევანს და ამ შეგნებული არჩევნის გარეშე თავისუფლება არ არსებობს.
Leave a Reply