მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიანო,
ეგ მარტო პეპლებზე არაა ბნელო, მარტო პეპლებზე არაა.
ხანდახან შებინდებისას, როცა დანებებას აპირებ, მზე ჩადის, ცა გალურჯდება, მომაკვდავს ჰგავს ქალაქი, მაგრამ მერე ვიღაც შუქს ანთებს, ჯერ ერთი, მერე მეორე, ნელნელა პატარა ციმციმა წერტილები მოედება კორპუსებს და რაც უფრო ღამდება, რაც უფრო ღამდება ბნელო, მით უფრო მეტი ადამიანი ანთებს სინათლეს, გესმის? რაც უფრო ღამდება, მით უფრო მეტი ანთებსმეთქი,
ისინი ებრძვიან დაღამებას,
ქალაქი შებინდებისას მანიფესტია ადამიანური შეუპოვრობის.
ხანდახან კიდევ ისე დაიკარგები, ისე გაიბლანდები საკუთარ ფიქრებში, ისე შეიყუჟები და გამოიკეტები, ნელნელა დაჯერებას იწყებ, რომ ამ სამყაროში მარტო შენ და შენი ფიქრები ხართ, მერე ამ გამოქვაბულში მუსიკის ხმა გაისმის, რაღაც, ნებისმიერი, შენთვის ძვირფასი, ვიღაც სხვისი დაწერილი, საერთოდ უცხო ადამიანის ნათქვამი შენივე ფიქრები და შენ გეღიმება ბნელო, გეღიმება იმიტომ რომ რა სულელი იყავი, რა სულელი იყავი, როცა წეღან იფიქრე, მარტო მე ვარო და ჩემი განცდებიო, აგერ ვიღაც გადამთიელი იგივეს გრძნობს და მღერის.
ეს ხმა მანიფესტია ადამიანური ერთიანობის.
ხანდახან კი, ისე დაიღლები, ისე დაიღლები ბნელო, საწოლიდან აღარ გინდა წამოდგე, იქნებ ძალიანაც გინდოდეს, მაგრამ აღარ შეგიძლია, ისე უსაშველოდ დაღლილს ვიღაც ჩამოგიჯდება, ადამიანი, რომელოც გიყვარს, თავის ტკივილს მოგიყვება და სულ დაგავიწყდება, რომ ცუდად იყავი, ახლა ამას უნდა უშველო, სხვა გზა არაა ბნელო, ან სულაც არ იყოს საშველი, ისე, ბავშვობას გაიხსენებთ, ზოგი მტკივნეულია, ზოგიც სასაცილო, იმ მტკივნეულზეც გაგეცინებათ, რადგან მარტო არ ხართ ამ ტკივილებთან, ერთად ხართ და ის ტკივილები სადღაც შორს დარჩა, თქვენ კი აქ ხართ, ერთმანეთის გვერდით და იცინით, თქვენს ფიქრებს მოყვებით და შენც ნელნელა დგები საწოლიდან.
ეს ურთიერთობა მანიფესტია ადამიანური სიყვარულის ძალის.
შენ იმდენი რამე შეიძლება გიყვარდეს, იმდენი რამე ბნელო, რომ არასოდეს დაიღუპო.
ხან წიგნი გადაშალო, იქ იპოვნო შენი მეგობარი, ხან ფილმი ჩართო, იქ იპოვნო შენი მსმენელი, ხან ღმერთს ჩამოუჯდე სალაპარაკოდ, ხან იცეკვო, ხან იმღერო, ხან ძველი კარადა დაალაგო, ხან რა გაგაცოცხლებს და ხან ვინ გაგაცოცხლებს, შეუძლებელია დაიღუპო, თუ ეს ყველაფერი გიყვარს,
იმის დაღუპვა შეუძლებელია, ვისაც უყვარს
და სამყარო სავსეა ვიღაცებით და რაღაცებით, ვინც და რაც სიყვარულს იმსახურებს ბნელო, იმაზე მეტ სიყვარულს, ვიდრე შენ შეგიძლია.
მიზეზი იმაზე ბევრია, ვიდრე შენი ნაკლული სიყვარულის უნარი.
ქალაქი გამოტენილია მიზეზებით, შენ კი, შენ ერთი მიზეზიც ვერ გიპოვნია.
Leave a Reply