ქალაქი სავსეა მიზეზებით

ერთხელ ვიღაცამ მკითხა, უძუმაკი ვიღაცასავით რომ ჩამომდგარხარო და სულ “არ დანებდეს” გაიძახიო, შენ რა არ ნებდებიო?

მე მეუბნება ბნელო, აზზეხარ?

მე, დანებების დიდოსტატს.

ვნებდები კიარა მეთქი, ერთხელ ისე ძალიან დავნებდი, ავდექი და საფლავი გავითხარე, იმ ორმოში ჩავწექი ეგრე დანებებული, განა რამეს ვაკეთებდი, გულს ვაყოლებდი ან რამე, ნურას უკაცრავად, ეგრე გვამივით გავწექი, ხელები დავიკრიფე და აღარ ვინძრეოდი, მაგრამ ერთი კია, ენას მაინც არ ვაჩერებდიმეთქი, არა, ჩემი ენის გაჩერება შეუძლებელია ბნელო, იქ იმ ნესტიან ორმოშიც კი ენას ვატლიკინებდი.

ღმერთო, მომეცი მეთქი ადგომის მიზეზი, თუ მართლა არსებობს, არ მინდა მეთქი მოტყუებული მოვკვდე,

ტეხავსმეთქი ღმერთო, თვითონ დაფიქრდი, იქნება არსებობს მიზეზი და მე აქ ***ესავით ვწევარ, დანებებულიმეთქი უფალო, ხოდა მაჩვენე მეთქი ის დედანატირები მიზეზი, თუ არსებობს.

მერე, ეგ რას ამოიღებს ხმას, გაყურსული მისმენდა, რომელი ათონელი მამა მე ვიყავი, ხმა ჩამესმას, თავისი ნათლით მომევლინოს და პასუხი გამცეს, მაგრამ ვიღაცები კი გამომიგზავნა,

ამ ჩემი ორმოს გარშემო ჩამომიდგნენ და ცრემლებს აღვარღვარებდნენ,

ერიჰაა

მე კი ვფიქრობდი, ჩემნაირ ნეშომპალაზე ნეტა რას ნერვიულობენთქო, ისევ ცისკენ ვიყურებოდი და ღმერთისთვის ყურების გამოჭედვას ვაგრძელებდი.

ღმერთო დამანახე ეს ოხერი მიზეზი, საბოლოო პასუხი მითხარი

გიყვარვარ თუ გკიდივარ უფალო,

გიყვარვარ თუ გკიდივარ.

რომელი ათონელი მამა მე ვიყავი, ხმა გაეცა, ხოდა ეგრე გამოყრუებული ვიწექი და ზემოდან ცრემლებს მაღვარღვარებდნენ

და უცბად გავიფიქრე, იქნება ღმერთი ჩამისახლდა და იმან გამაფიქრებინა, პირდაპირ ვერ მეტყოდა ბნელო, ათონელი მამა არვიყავი და არაფერი, ხოდა იქნება გამაფიქრა:

მეტი რა მიზეზი გინდაო ბნელო, აგერ შენი მიზეზები, ცრემლებს აღვარღვარებენ, იმიტომ, რომ დედანატირები ორმო გაგითხრია და შიგნით ლპები,

აგე შენი მიზეზებიო ბნელო.

ასე რომ, ქალაქი სავსეა მიზეზებით, ვისთვისაც საფლავებიდანაც დგებიან,

საფლავებიდანაც კი დგებიანმეთქი!



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading