ინდივიდუალური ბედნიერება

არსებობს შეხედულება ასკეტიზმზე, ასკეტურ აზროვნებაზე, თუნდაც რელიგიაზე ან სხვა სულიერ მიმართულებებზე, ფსიქოანალიზზეც კი, თითქოს ისინი ძალიან მკაცრ და უბედურ ცხოვრებას ქადაგებენ

“ანუ ეს აღარ ვქნა და ის აღარ ვქნა და აბა მონაზონივით ვიცხოვროო?”

ჯერ ეს კომუნისტური გადმონაშთი ფრაზა “მონაზონივით ხომ არ ვიცხოვრებ”.

საქმე იმაშია, რომ ის მონაზონიც კი, რომელიც მძიმე მარხვებსა და ლოცვებშია, ამას თავის გასაუბედურებლად კი არ აკეთებს და რეალობა კი არ სძულს, სულაც არა მეგობრებო, არამედ ის საკუთარ სიყვარულს მიუძღვნის იმას, რაც უფრო მეტად უხარია, მიუხარია, ხანდახან რთული რამეებისკენ მიუხარია ადამიანს, შეცდომაა სიხარულის და ბედნიერების გაიგივება სიმარტივესა და გართობასთან, რამეთუ არსებობს იმგვარი რთული რამეები, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები, პიროვნული გადაწყვეტილებები, სულიერი გადაწყვეტილებები, იდეები, ღირებულებები, გზები, რომლებიც ძალიან რთულად შესასრულებელი და მისაღწევია, მაგრამ მიუხარია იქ ადამიანს.

ის უბრალოებაც, მაგალითად, უბრალო სამოსით სიარული ან წმინდა მამები რომ დაფლეთილი ტანსაცმლით დადიოდნენ, ანაც ქვაზე ედოთ თავები ბალიშების ნაცვლად, სულ სხვა სულიერი მხიარულების გამომწვევი მიზეზია, ესეც ერთგვარი სიხარულია. სულიერი მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც კარგ სამოსს ჩაიცვამს და გამხიარულდება ან დაძონძილს ჩაიცვამს და გამხიარულდება, ორივე სიხარულის თავისებური მდგომარეობაა.

თანამედროვე სამყაროსთვის უფრო ცნობილია რაღაცის გაკეთებით გამოწვეული სიხარული, ვიდრე რაღაცის არგაკეთებით გამოწვეული სიხარული. ასე რომ, ასეთი სიხარულიც არსებობს, რომ შენ არ გააკეთებ რაღაცას და ეს მოგიტანს სიხარულს.

სიხარული მრავალნაირია, ბედნიერებაც მრავალგვარია, ის რაც შენ გაბედნიერებს, სხვას არ აბედნიერებს, რაც მას აბედნიერებს, შენთვის უბედური ცხოვრებაა, მაგრამ ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვაგვარად განიცდება და რომ არსებობს ცხოვრების წესი, რომელიც უბედური გგონია, არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად უბედურია, შევიწროებულია, დაჩაგრულია და ა. შ.

მითუმეტეს, იმ სამყაროში, სადაც თუ ხილული არ არის შენი ბედნიერება, მაშინ საერთოდ არ იწოდება ბედნიერებად, თუ გაყიდვადი არ არის შენი ბედნიერება, მაშინ არ იწოდება ბედნიერებად, საჭიროა ამაზე საუბარი, შენ შეგიძლია არ იყო ხილვადი, შეიძლება შენი ბედნიერება არ იყოს ხილვადი, დალაიქებადი, გაყიდვადი, გამოჩენილი, მარტო შენ ხედავდე და კედლები, მაგრამ ესეც ბედნიერებაა, ესეც ცხოვრებაა, ამ ცხოვრების წამებსაც აქვს ღირებულება, შენი ცხოვრების ღირებულებას არ ადგენს ის, ჩამოსრიალდი თუ არა წელს ევერესტიდან ან გაერთე თუ არა ამა და ამ ადგილას, სიცოცხლის ყველა წამი თავისთავადი ღირებულებისაა.

სრულიად უსაშინლესი განმარტებები შემოგვტენეს ღირებული ცხოვრებისა და ბედნიერების.

მე ყოველდღე ვესაუბრები დათრგუნულ ადამიანებს, რომლებიც ბედნიერებისა და სიცოცხლის ღირებულების თანამედროვე სტანდარტებს ვერ ერგებიან, ამიტომ თვლიან, რომ უბედურები არიან ან მათ სიცოცხლეს აზრი არ აქვს

და მათ არავინ ახსენებს, რომ ერთადერთი სიცოცხლე აქვთ და თავად უნდა მიანიჭონ ღირებულება საკუთარ ცხოვრებას, საკუთარი პირადი ბედნიერების განსაზღვრება უნდა იპოვნონ, პოდკასტებიდან კი არ უნდა აკოპირონ, თუ როგორი უნდა იყოს ბედნიერი ცხოვრება.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading