შენ იმ ბავშვებს ჰგავხარ,
მე დავიმახსოვრე
იმ ბავშვების ჟანგიან თითების სუნი.
ქალაქი არ უსმენს მათ ბავშვურ თხოვნებს,
ბავშვებიც ყლაპავენ ცრემლებს და ხმოვნებს.
მიწისქვეშ ნაგროვი ჭორი და შარდი
ნატყვიარ ასფალტზე შადრევანს ასხამს,
ბავშვები ეძებენ სპილენძს და ბოთლებს,
მე დავიმახსოვრე,
შენ იმ ბავშვებს ჰგავხარ.
ჭვარტლი და პარკები ცეკვავდნენ ქარში,
ქალაქი ყარდა და ერია რული.
მე არ ვიცი, რა ერქვათ იმ ბავშვებს მაშინ_
თავისუფალი, თუ მიტოვებული.
წინდები პატარა ცერა თითს აჩენს
ურცხვად და ქალაქის ცოდვებზე ყვირის.
მე დავიმახსოვრე, შენ იმ ბავშვებს ჰგავხარ,
რომ არასდროს სტკივა და არასდროს ტირის.
დედები სხვა დედებს, მამები მამებს,
ბავშვები მარხავენ მეზობლის ბავშვებს.
იმ სასტიკი ქალაქის კიდეზე დგახარ,
მე დავიმახსოვრე, შენ იმ ბავშვებს ჰგავხარ.
უცოდველ თვალებში უბიწო მზერა,
იმ უბიწო ბავშვების ნაცემი ბავშვი,
მე დავიმახსოვრე, შენ იმ ბავშვებს ჰგავხარ,
თვითმფრინავს ეძებდა ჭვარტლიან ცაში
და მიწაზე მამების გამოცლილ ბოთლებს,
დედების თვალებში სიცოცხლის ნებას.
სანუკვარ სურვილებს ამხელდნენ ასე:
_” მაშინ მიყიდე, გთხოვ, როცა გექნება”.
ჭუჭყიან ლოყებში იცინის ბავშვი,
ქალაქმა დაგტოვა, შენ მაინც დგახარ,
არასდროს გტკივა და არასდროს ტირი,
მე დავიმახსოვრე,
შენ იმ ბავშვებს ჰგავხარ.

Leave a Reply