თითოეული ჩვენგანის ისტორია

ახლა მე მოგიყვებით ყველა ჩვენგანის ცხოვრების ისტორიას.

ჩვენ ყველანი დავიბადეთ და პირველი რაც გავაკეთეთ შეცდომა დავუშვით, პატარები ვიყავით, ჯერ თვალის გახელა ვერ მოგვესწრო წესიერად, მაგრამ მოვასწარით შეცდომის დაშვება და ზუსტად იმან, ვისაც მცველად ვიგულებდით, ვინც ჩვენთვის ერთადერთი ნავთსაყუდელი იყო გვითხრა,

“შენ ცუდი ხარ,

ასე რატომ იქცევი,

ასეთი რატომ ხარ.”

და ჩვენ მოვიბუზეთ და შეგვრცხვა, ასე მობუზული და მარტოსული ვიდექით და აღარ გვქონდა დასაყრდენი, ეს იყო პირველი ეგზისტენციალური ობლობა, რომელიც გამოვცადეთ და ვიფიქრეთ, “შეცდომები ნიშნავს, რომ აღარ ეყვარები.

შეცდომები ნიშნავს მარტოობას. “

ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ აღარ დავუშვათ შეცდომები აღარასოდეს, ჯერ პირობებს ვდებდით, ყოველდღე ვარღვევდით, ოთახს არ ვალაგებდით, თავის დროზე არ ვჯდებოდით სამეცადინოდ, ზოგი რა შეცდომებს უშვებდა და ზოგი რას და არასდროს სრულდებოდა ჩვენი შეცდომები და არასდროს სრულდებოდა მარტოობა, რომელსაც ვიღებდით შეცდომათა განაჩენად.

მერე ზოგიერთებს ყელში ამოგვივიდა და ვთქვით

” დიახაც, მე ცუდი ვარ და არ მჭირდება შენი სიყვარული”

ზოგიერთებმა კი გავაგრძელეთ მცდელობები, მაგრამ იმდენ შეცდომას ვუშვებდით, გვიწევდა ჩვენი შეცდომების დავიწყება, რომ დაგვეჯერებინა, რომ ჩვენს მცდელობებს აზრი აქვს.

საბოლოოდ ჩვენ ყველამ ერთი გამოსავალი ვიპოვნეთ, ჩვენც დავიწყეთ სხვებში შეცდომების დანახვა და მას შემდეგ ვიმეორებთ

“შენ ცუდი ხარ,

ასე რატომ მოიქეცი,

ასეთი რატომ ხარ.”

ამას ვეუბნებით შვილებს, მშობლებს, მეგობრებს, უცნობებს, ნაცნობებს, საყვარელ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, ყველას.

მაგრამ ვეღარ ვხედავთ საკუთარ შეცდომებს, რადგან არ გვინდა მარტოობა, მაგრამ გარშემო, ყველა შეცდომებს უშვებს, ამიტომ მაინც მარტო ვართ, ჩვენ და ჩვენი იდეალური თავი.

და ჩვენც ვიმეორებთ

“ნაგავი რატომ არ გადაყარე,

რატომ დაიგვიანე,

ეგ რატომ თქვი,

ეს რატომ არ გააკეთე,

ასეთი რატომ არ ხარ,

ისეთი რატომ ხარ.”

და რომ შევძლოთ ვიღაცის სიყვარული, ჩვენ გვიწევს თავი მოვიტყუოთ, რომ არსებობენ ცუდი ტიპები, მაგრამ მე და ის, ვინც მინდა რომ მიყვარდეს კარგი ტიპები ვართ, მხოლოდ ასე შეგვიძლია გვიყვარდეს, ამ ტყუილის საფუძველზე,

მაგრამ როგორც კი შემოვა რეალობა და დავინახავთ შეცდომას, ჩვენ აღარ შეგვიძლია სიყვარული.

ესაა ჩვენი ყველას ისტორია.

ამ ტანჯვაში ვათენებთ და ვაღამებთ.

ჩვენთვის რომ მაშინ, ახალდაბადებულზე, შეცდომის დაშვებისას ეთქვათ:

“ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, მე შენ მაინც მიყვარხარო”

ჩვენ ვისწავლიდით ადამიანის სიყვარულს, რომელიც შეცდომებს უშვებს.

მათთვის, ვინც ჩვენ პირველი შეცდომისთანავე გადაგვიყვარა, საკუთარ ბავშვობაში რომ ეთქვათ:

“ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, მე შენ მაინც მიყვარხარო”

ისინიც ისწავლიდნენ ადამიანის სიყვარულს, ჩვენს სიყვარულს, როდესაც შეცდომებს ვუშვებთ.

ამიტომაც ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული, არც საკუთარი თავის და არც სხვისი, რადგან ჩვენ ყველანი შეცდომილები ვართ, ერთადერთი გზა, რომ ჩვენი თავი ან სხვა გვიყვარდეს ისაა, რომ თავი მოვიტყუოთ, რომ ჩვენ უშეცდომოები ვართ და შეცდომილები სადღაც შორს, სხვა სახლებში ცხოვრობენ, მეზობლად ან ტელევიზორში გამოდიან, სხვა ენაზე საუბრობენ და საერთოდ სხვები არიან, სადღაც ცხრა მთას იქით, დევების მთაზე ბინადრობენ და ჩვენგან ძაააალიან განსხვავდებიანო.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading