ადამიანი მეკითხება, ტრავმის დამუშავება ხომ უსასრულოაო.
აეხლა, ვის მოვთხოვოთ პასუხი ამ იაფასიანი დრამატურგიით გაჯერებული ფაბულის გავრცელებაში?
ვის მივადგეთ, ვის შევჩივლოთ, ვინ გაგახელათ, ვინ მოგატყუათ, ვისი მარკეტინგული გათვლაა, რომ ადამიანებს დააჯერონ, რომ საკუთარ თავზე მუშაობისას ყველა ფსიქოპატერნი უსასრულოდ უნდა ამუშაო.
ტყუილია მეგობრებო, ეგ ან იმათი მოფიქრებულია ვინც ვერაფერი ვერასოდეს გულისყურით და საგულდაგულოდ, სისტემურად და ძირისძირობამდე ვერ დაამუშავა, ეზარება მცდელობა ან ჭინკები სძლევს ხოლმე ყოველ სისხამ დილას, მიჯაჭვულია საკუთარ დესტრუქციულ რეალობაზე და ისე ძალიან მოსწონს ვილანობა, რომ სხვებსაც ამასვე უქადაგებს, რომ არაფერი არასოდეს ინკურნება და სამუდამოა ყოველი ტანჯვა კაცისა ცისქვეშეთში.
ან უბრალოდ სურს, რომ კლიენტი კლიენტი იყოს სამუდამოდ, პაციენტი პაციენტი და მოწაფე მოწაფე. ასეთ მასწავლებელს სამუდამოდ თქვენი თრევა სურს.
რას გაიგებ ბნელო, ზოგს სიამოვნებს სამოცდაჩვიდმეტჭიპლარგამობმული სიარული,
მითუმეტეს, თუ ამაში ფულსაც უხდიან.
სინამდვილეში, ყველა ფსიქოლოგიური ქეისი დამუშავებადია, ზოგი დამუშავებადია თვეებში, ზოგი დამუშავებადია წლებში, მაგრამ დამუშავებადია და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის სირთულეზე.
ასე რომ თავს ნუ იბოლებთ, იმუშავეთ, უამრავი ცვლილება ხდება ადამიანში, თერაპია რეალურ ცვლილებებს იწვევს და სანამ სამუდამო დაავადებებს ახსენებთ პირჯვარი გადაიწერეთ ხოლმე, რადგან სამუდამო მკურნალობისთვის განწირული ძალიან მძიმე ფსიქიკური ავადმყოფობებიც არსებობს,ჰოდა, ემანდ მეამინემ არ ჩამოიაროს და მართლა არ დაგემართოთ, თორემ დეპრესიას, ჰორმონების ცანცარს და აბგდ ევზთ-ს ფსიქოთერაპია მშვენივრად უმკლავდება.
საკუთარ თავზე მუშაობა უსასრულო იმიტომ კი არაა, რომ რამე არ ინკურნება, არა, ინკურნება, უბრალოდ მერე კიდევ მოდის და მოდის, ახალახალი რაუნდები და ახალახალი სამუშაოები.
ერთ ტრავმაზე ორმოცი წელი მუშაობა არ გამიგია.
და საბოლოოდ დაიმახსოვრეთ, თუ ექიმის მიზანი არაა ის, რომ რაც შეიძლება მალე, თქვენ შეძლოთ გზის დამოუკიდებლად გაგრძელება ექიმის გარეშე _ ის ცუდი ექიმია.
ექიმს არ უნდა უნდოდეს,. რომ სულ მის კაბინეტთან იდგეთ ატუზული, ექიმს უნდა უნდოდეს, რომ გამოგაჯანმრთელოთ, შეეშვათ, წახვიდეთ, გაფრინდეთ პაკა დასვიდანია არგიცნობ არმიცნობ
Leave a Reply