ჩემთვის ადამიანები ყოველთვის პერსონაჟები იყვნენ, რომლებზეც შეგიძლია რამე საინტერესო დაწერო.
მინახავს ადამიანი-გაღიზიანება, ადამიანი-სიძულვილი, ადამიანი-სიბრალული, ადამიანი-კეთილშობილება, ადამიანი-გამფუჭებელი, ადამიანი-სევდისმომგვრელი, ადამიანი, რომელიც გამშვიდებს ან გონებას გიმღვრევს, მე მინახავს უამრავი საინტერესო ადამიანი და ყველა ადამიანი იყო საინტერესო, მაგრამ არასდროს მინახავს ადამიანი-სიცარიელე, იმ ერთი შემთხვევის გარდა, როდესაც გავიფიქრე: „არავინ დაწერდა ამ ადამიანზე, არაფერია მასზე დასაწერი“.
ამის შემდეგ მასზე წერის სურვილმა შემიპყრო, ამიტომ დიდხანს ვზვერავდი, იქნებ ვიპოვო რაღაც მის სულში, ბეწვისხელა ინტერესი მაინც, სიცოცხლის სულ მცირე ნაპერწკალი, მაგრამ რაც უფრო ვაკვირდებოდი, მით უფრო ცხადი ხდებოდა, რომ საქმე მქონდა ცარიელ ფიტულთან, რომელიც მხოლოდ ექოს გამოსცემს. ისეთი ფუყე და უაზრო იყო, რომ მიკვირდა, თუ როგორ შეუძლია საკუთარ დედას უყვარდეს, როგორ შეიძლება გიყვარდეს სიცარიელე, რა უნდა გიყვარდეს მასში, მასში ხომ სრული არაფრობაა, შესაბამისად, არაფერია შესაყვარებელი. ამიტომ დედასაც ვაკვირდებოდი და ვაცნობიერებდი, რომ ამაზე ბოროტი აზრი ჩემს სიცოცხლეში არ მომსვლია თავში, ამაზე სასტიკი შეხედულება არასდროს მქონია ადამიანზე. მაშინაც კი, როდესაც მძულდნენ, სიკვდილი მისურვებია, ყველაზე საშინელი და ულმობელი ვყოფილვარ ადამიანთან, მე ვიყავი გაცილებით ჰუმანური, ვიდრე ახლა, როდესაც შევყურებდი მის ცარიელ თვალებს, რომელშიც არ იკითხებოდა სევდა, არ იკითხებოდა რაიმეს ძლიერი სურვილი, მე ვერაფერს ვხედავდი ადამიანში და ამაზე უარესი არაფერი იყო.
მას არ შეეძლო ყოფილიყო ბოროტი ან კეთილი — ყველაფერი, რასაც ამბობდა და აკეთებდა, წარმოადგენდა მექანიკურ კოპირებას ადამიანური ყოფისა, ხოლო ნამდვილად მასში არაფერი ცოცხალი არ იყო, თითქოს ფიტულიაო ადამიანის, მოსიარულე მიცვალებული, რომელიც სიცოცხლეს იტყუება.
ერთხელ მომეჩვენა, მომეჩვენა, რომ შურდა ვიღაცის, როდესაც ვისმენდი მის მიერ მონათხრობ, ვინ მოსთვლის მერამდენე, უშინაარსო ისტორიას, თვალები დავჭყიტე, ნუთუ, ვიპოვე მასში რაღაც ცოცხალი, მაგრამ არა, ნამდვილად მომეჩვენა — დაწყევლილი შურიც კი არ იყო მასში, არაფერი ცოცხალი. ის კი, ხანდახან, არსაიდან და უადგილოდ, წამოიძახებდა ხოლმე: „მე კეთილი ადამიანი ვარ!“ ამის გაგონებაზე მის ნაცვლად და მთელი სამყაროს ნაცვლად კანზე ყველა ბუსუსი ყალყზე მიდგებოდა, ამ განცხადებით შექმნილი პათეტიკურობის ატმოსფერო მახრჩობდა და მინდოდა დამეღრიალა:
— წყეული სიცარიელე ხარ! ამიტომ არ შეგიძლია ბოროტი იყო!
მაგრამ არ გამიკეთებია.
ძალიან მინდოდა ამომევსო, იყო ამ სურვილში რაღაც ძალიან აზარტული, რომ არაფრისგან შემექმნა ადამიანი. ამიტომ, თუ რამე მნიშვნელოვანი და ღირებული მომეპოვებოდა, თუ სადმე რამე ღმერთი და დემონი ვიცოდი, ყველაფერს მის ცარიელ ჭაში ჩავძახოდი, წიგნებს ვუფურცლავდი, ადამიანურ ემოციებზე ვუყვებოდი, ვეძებდი სულ მცირე ცოცხალ რხევას მაინც, რაიმე სუსტსა და ადამიანურს მასში, რომელსაც ჩავეჭიდებოდი და რომლიდანაც ამოვათრევდი სიცარიელით დაფარულ სიცოცხლეს მასში, ვიმედოვნებდი, დაფარულია და არ ჩანსო, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. მეტიც, ნელ-ნელა უფრო და უფრო მაღიზიანებდა, უკვე ვნატრობდი, რომ თუ რამე კეთილშობილური ან სრულიად ჯოჯოხეთური, ნებისმიერი ცოცხალი და დიადი, სასტიკი და მშვენიერი საგანი არსებობს — მისთვის დაემალათ, არასოდეს მის თვალებს არ ეხილათ არაფერი საინტერესო და სიღრმისეული, რადგან ყველაფერი ნამდვილი ისე გამოიყურებოდა მასში, როგორი სანახავიც შეიძლება იყოს ღორის ყელზე შებმული მარგალიტის ყელსაბამი.
უფრო საბრალო იყო მისი ენთუზიაზმი, დამსგავსებოდა ცოცხალ ადამიანს. მე მრცხვენოდა და თვალს ვარიდებდი, რადგან ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებდა, აზრისგან ცლიდა, შინაარსსა და სილამაზეს ამოაგლეჯდა და ასე ურცხვად და თავდაჯერებულად საათების განმავლობაში ყრანტალებდა თავისივე ხელით შებილწულ და დამახინჯებულ სიწმინდეებზე. უუფლებო პლებეი.
მე კი ვფიქრობდი, ალბათ ღმერთმა საერთოდ არ იცის მისი დაბადების შესახებ, რადგან თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მას ვერ შექმნიდა, რადგან ის არაფერია და ღმერთი ვერ შექმნიდა არაფერს.
მალევე დავნებდი, მომბეზრდა მისი ქექვა, მაგრამ ახლაც კი, როდესაც თვალს მოვკრავ, ნეკნებში მივლის არაფრის ქარი, რადგან ზედმეტად აშკარაა, რომ ქვა, რომელიც მასში გადავაგდე, ჯერ არ დაცემულა ფსკერზე, ხმა არ აქვს და ჩქამი არ ისმის, ალბათ არც არასდროს დაეცემა, რადგან მას ფსკერი არ აქვს, რადგან ის წყეული ადამიანი-სიცარიელეა.
Leave a Reply