მე ხომ მახინჯი სამყარო მიყვარს

არვიცი ბნელო ეგეთი ჩახლართული ფემე ფატალე როგორ დავიბადე რომ თუ სადმე ფსიქოპათიური მიდრეკილებების სოციოპატი ჩამოივლის ყველა მე უნდა შემიჩნდეს.

ხალხი მეუბნება ასეთი და ისეთი ხარ და იმიტომო, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვფიქრობ, რომ ადამიანებს სიღრმე და სიახლოვე აკლიათ, ყოველთვის ვფიქრობდი რომ სევდიანია ზედაპირზე ცხოვრება, რამხელა შიმშილი და დაუკმაყოფილებლობა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც მუდმივად ზედაპირზე ტივტივებს, ესეიგი, ზედაპირულია მისი ურთიერთობები სხვებთან და საკუთარ თავთან, მან საერთოდ არ იცის როგორია გრძნობა და სამყარო, როდესაც ვიიი და შენს უფსკურელებში ისკუპებ, გარშემო ვიღაცები საუბრობენ, ჩხუბობენ, მხიარულობენ თუ ქვეყანა იქცევა, ყველაფერი ისეთი შორეული და მოგუდულია, როგორიცაა ზღვაში ჩაყვინთვა და შორეული ხმების სმენა, სანამ შენ მოკალათებული ხარ შენს სიღრმეში, შენს მარტოობაში, ფეხიფეხზე გადაგიდია და იმაზე დიდი სამყარო გაქვს ტელევიზორში, ვიდრე გარესამყაროა, აქ ხომ უარესები ხდება ბნელო, რომ იტყვიან, აქ ხდება რაც ხდებაო.

ჰოდა, ასე მოშიებულ ადამიანსმეთქი ბნელო, ციური მანანებივით ეპნევა შენი არსებობა და უდაბნოში მიგნებულ წყაროსავით მინაგნებია შენი სიმძიმე, რამეთუ შენ იქიდან უყურებ, სადაც ის არავინ დაინახა და ვერავინ დაინახა, ვერც თვითონ ვერ დაინახა საკუთარი თავი იმ ჯურღმულებში, იმის გაფიქრებაზეც კანკალი აიტანს ხოლმე, რომ ეგეთი ბნელი და უძირო ჭაა სინამდვილეში, იმას ეშინია იქ ჩახედვის, შენ კიდევ რას აკეთებ? შენ იმ ჭის ძირას ზიხარ, როგორც სამარა მორგანი და დაჭყეტილი თვალებით ჩასცქერი იმ მიუწვდომელ და შორეულ მხარეებში, სადაც არავინ დაელაპარაკა და სადაც არავინ ჩახედა, შენთვის კიდევ არაფერია ბნელო, შენ ცალყბად გეღიმება, ეს არაფერია, ეს ბუნებრივია , ეს ორგანული თვალებია შენი თვალები, რომლებსაც შეუძლიათ ნამდვილი სიახლოვე, რომელ სიახლოვესაც მოწყურებულია ადამიანი, ეს სიყვარულიც კი არაა ბნელო, შეიძლება აერიოთ, შეეშალოთ, მოეჩვენოთ აქ სიყვარული, სადაც სინამდვილეში ერთი დიდი შიმშილი, ნეკნებში მონაბერი მარტოობა და ეგზისტენციალური ობლობაა, სადაც, როგორც იქნა, ვიღაცამ დაინახა და ეს მისთვის დიდი მოვლენაა, შენთვის კი ერთი ჩვეულებრივი დღე.

უსამართლოა ცხოვრება ბნელო, მაგრამ სამართლიანი რომ ყოფილიყო მე მაინც არ მომეწონებოდა, ასე რომ, რა აზრი აქვს ამეებზე წუწუნს.

მე ხომ მახინჯი სამყარო მიყვარს, ამიტომაცაა, რომ რაც უფრო დამახინჯდება ადამიანი, მით უფრო მეძებს მე.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading