არსებობს აზრი, რომ ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ქრისტიანული ცნობიერებისა და მისი სულიერი სიღრმის კვალდაკვალ და ეს რაღაც დოზით სიმართლეა, მგრამ არა სრულიად, რადგან საზოგადოებრივი ცნობიერება ასევე დიდწილად ყალიბდება კოლექტიური ფსიქოლოგიის, ადამიანური შიშებისა და სოციალური კომფორტის სასარგებლოდ.
სწორედ ამ მიზეზით ქრისტიანულ სამყაროში ცოდვის არსის უდიდესი ტრანსფორმაცია მოხდა და არც თუ ისე იშვიათად სელექციურ, ხელოვნურად შექმნილ სტიგმებზე დგას და არა სახარებასა და წმინდა მამათა სწავლებებზე.
ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ქრისტეს ეკლესია იყოფა ორ შინაარსობრივ კატეგორიად, ერთია ქრისტეს ეკლესია, მეორეა “წმინდანების ეკლესია”.
როდესაც დღეს ჰომოსექსუალიზმის ან გენდერული არატიპურობის გარშემო არსებულ აგრესიასა და ისტერიას ვაკვირდები, ჩემთვის ნათელი ხდება, რომ საქმე სულაც არ გვაქვს სახარებისეულ სიყვარულსა და სულიერ მოწადინებასთან, არამედ საქმე გვაქვს საზოგადოებრივი ცნობიერების კოლექტიურ ფარისევლობასთან, რომელსაც საკუთარი მორალური სიმშვიდისთვის ყოველთვის ესაჭიროება ერთი თვალსაჩინო მტერი, რომელთან ბრძოლაშიც ის მოგვევლინება წმინდანის შარავანდედით, ეს არაა ქრისტეს ეკლესია, ეს “წმინდანთა ეკლესიაა”.
მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მამათა ანთროპოლოგიაში ცოდვა არასოდეს ყოფილა იერარქიულად დაყოფილი „საფრთხის შემცველ“ და „უსაფრთხო“ ცოდვებად იმ ნიშნით, თუ რას ფიქრობს მათზე სოციუმი. ქრისტიქნობაში “უსაფრთხო ცოდვის” ფენომენი საერთოდ არ არსებობს. იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის თუ იოანე კიბისაღმწერლის სწავლებით, სულის დაღუპვისთვის სრულიად საკმარისია ისეთი შეფარული ვნებები, როგორებიცაა ამპარტავნება, შური, სიძულვილი, განკითხვა, სიხარბე და გულგრილობა. უფრო მეტიც, ეკლესიის მამები ხშირად აღნიშნავენ, რომ შინაგანი, სულიერი ცოდვები ბევრად უფრო საშიშია, რადგან ისინი ადამიანს უქმნიან წმინდანის ილუზიას, სულიერ სიბრმავეში დახშულია სინანულის გზა და ყველანაირი სულიერი ცხონება.
დღევანდელ რეალობაში კი რატომღაც ვხედავ სრულიად აბსურდულ, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან გასაგებ სურათს.
ჰეტეროსექსუალი წყვილების მიერ ქორწინებისგარეშე ცხოვრება, ღალატი, მექრთამეობა, სხვისი ჩაგვრა, ბოროტება, ჭორაობა, მგლობა და ტურობა, მუცელღორობა და სიხარბე საზოგადოებრივად ნორმალიზებულია. ადამიანები, რომლებიც ამ ცოდვებით არიან დამძიმებულნი, მშვიდად დგანან ტაძრებში, სარგებლობენ სოციალური პატივისცემით და მათ ეკლესიის წევრობაში ეჭვი არავის შეაქვს. არავის შეაქვს ეჭვი მათ “წმინდანთა ეკლესიაში” დგომის უფლებებში. სანამ, ჰომოსექსუალიზმი გამოცხადებულია ლამის ერთადერთ, აბსოლუტურ ბოროტებად, რომლის გამოც ადამიანს უარყოფენ, რიყავენ და ტაძრიდან დევნიან. იმ ტაძრიდან და იმ საზოგადოებებიდან, რომელიც გამოტენილია იმავე სიმძიმის ან უფრო დიდი სიმძიმის ცოდვებით დამძიმებული ადამიანებით.
ეს სელექციურობა წარმოადგენს საზოგადოების თავდაცვის მექანიზმს. უმრავლესობისთვის უფრო ადვილია გაბრაზდეს და თითი გაიშვიროს იმ ცოდვისკენ, რომელიც მას თავად არ ახასიათებს, ვიდრე ებრძოლოს საკუთარ შინაგან ბოროტებას, შურსა თუ ამპარტავნებას. გარეგანი მტრის ხატის შექმნა უსაფრთხოების ყალბ შეგრძნებას იძლევა, თუ ჩვენ სხვას ვაცხადებთ უდიდეს ცოდვილად, საკუთარი თავი ავტომატურად მართალი და წმინდა გვეჩვენება.
ეს არის ზუსტად ის მოდელი, რომელსაც ქრისტე მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა. როდესაც ფარისევლებმა მრუშობაში წასწრებული ქალი მიუყვანეს ჩასაქოლად, სწორედ ეს სოციალური შაბლონი გამოიყენეს, ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ერთი კონკრეტული ცოდვა გამოეყოთ და გაებუქებინათ, რომ ამ დიდებული ბოროტების ფონზე საკუთარ ცოდვათა სიმცირე წარმოეჩინათ. ქრისტეს პასუხმა „ვინც უცოდველია, მან ესროლოს ქვა“ დაანგრია ეს ილუზია. მან აიძულა საზოგადოება რომ საკუთარ გულში ჩაეხედა და დაენახა, რომ გარეგნული პატიოსნების მიღმა ზუსტად იმავე სიმძიმის სულიერი სიკვდილები იმალებიან და არავინაა იმდენად წმინდა, რომ თითი გაიშვიროს უკიდურესად მრუშისკენაც კი, არც პატიოსანი დიასახლისის ნიღაბს ამოფარებული, არც ოჯახის კაცს მიღმა ამოფარებული, არც ანაფორას ამოფარებული, არამედ საერთოდ არავინ დედამიწაზე.
აქედან გამომდინარე, ერთი ცოდვის მარგინალიზაცია და სხვა ცოდვათა სიმძიმის მიჩქმალვა საზოგადოების მიერ ქრისტიანული აზრის წინააღმდეგ წასვლას და ფარისევლობას წარმოადგენს. ჭეშმარიტად ქრისტიანული ცნობიერება არ იღებს ცოდვების კულტურულ სელექციას და არ ცნობს სიძულვილს. თუ საზოგადოება ან მრევლის ნაწილი ადამიანს იძულებს და რიყავს, თუ რომელიმე თქვენგანი ფიქრობთ, რომ თქვენ იმსახურებთ იდგეთ ზიარების ბარძიმთან ჰომოსექსუალზე, მრუშზე ან ვინმეზე მეტად, თქვენ არ ხართ ქრისტეს ეკლესიის ნაწილი, თქვენ “წმინდანთა ეკლესიის” ნაწილი ბრძანდებით, რომელით თავისი არსით არაქრისტიანულია. სიძულვილი რომელსაც ატარებთ ეკლესიის მამათა სიღრმისეული ანალიტიკის მიხედვით ბევრად უფრო მძიმე და დამღუპველი სულიერი მდგომარეობაა, ვიდრე ნებისმიერი ცოდვა, რომლისაც ასე გეშინიათ.
თქვენ არ გეშინიათ სულიერი დაღუპვის მათში, ეს არაა ქრისტიანულ ცნობიერებაში ამოზრდილი ღვთისმოშიშება, არამედ საზოგადოებრივი, კოლექტიური ცნობიერების სტანდარტული შიში განსხვავებულისადმი.
ასე რომ, კაბიან მამაკაცს ზუსტად იგივე უფლება აქვს იდგეს ქრისტეს ეკლესიაში, როგორადაც მას, ვინც ყოველდღიურად ჭორაობს, განიკითხავს და ეს ყველაფერი ნორმალური და “უსაფრთხო” ცოდვები ჰგონია.
მე არ მაინტერესებს თქვენი შაბლონები, მე ვსაუბრობ სახარების და წმინდა მამების ქრისტიანობაზე და არ ვფიქრობ, რომ მაგალითად ჰომოსექსუალის მიღებით ეკლესიაში იმაზე მეტად წარწყმდება საზოგადოება, ვიდრე წარწყმდება როდესაც ქმნის “წმინდანთა ეკლესიას” რომელშიც დგანან ამპარტავანი, შურიანი, ბოროტი ადამიანები და ნორმალიზებენ ამპარტავნებას, შურსა და ბოროტებას.
ქრისტიანობა არაა შაბლონური, ქრისტიანობა საერთოდ რელიგიაც კი არა, ქრისტიანობა წარმოადგენს უღრმეს ფსიქოანალიზს, საკუთარი ჩრდილების ყველაზე ზედმიწევნით მცოდნე უნდა იყოს ქრისტიანი თუ ის ქრისტიანია.
ასე რომ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ “უსაფრთხო” ცოდვებს, ვერც ქრისტე ხედავდა და ვერც წმინდა მამები.
ასე რომ ნუ მიდიხარ მოძღვართან და ნუ ეკითხები “ვაიმე ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა?” , არამედ დაფიქრდი იმაზე შენ რა მიზეზით იკითხე, შენში რა ემოციებს იწვევს ეს, შენ რა მიზანი გამოძრავებს, რადგან შესაძლოა ჰომოსექსუალიზმზე გაცილებით ბნელი იყოს შენი მოტივი, გაცილებით მძიმე იყოს ცოდვა, რომელმაც გიბიძგა ამ კითხვის დასმისაკენ და შენი სამუშაო მხოლოდ ესაა.
ესაა ქრისტიანობა, ასეთი სიღრმისეული თვითკვლევაა და არა შაბლონური აზროვნება და ჩარჩოებში პაზლივით ჯდომა.
ქრისტიანი უნდა იყოს მამაცი, გულწრფელი და მოაზროვნე, მას ვისაც ეშინია აზროვნების, ფარისევლურ წმინდანის მანტიაშია გამოხვეული და შებოჭილი ცნობიერებით ცხოვრობს არ შეუძლია ქრისტიანობა. ასე რომ ქრისტიანობა იმაზე რთულია, ვიდრე ადამიანების უმეტესობა ფიქრობს. რადგან ქრისტიანობა უკიდურეს გულწრფელობას ითხოვს, ურთულეს თვითრეფლექსიას, მაგრამ ადამიანს ეშინია თავის შეცნობის.
Leave a Reply