არსებობს იდიოტური დღეები და ისინი გამოიყურებიან ამგვარად:
აგვისტოს რვაა, კორპუსებს ბოლი ასდით, ქალაქს ხმაურიც ეზარება და მე და ბნელოს გვეზარება სახლის ერთადერთი გრილი წერტილიდან, ანუ სამზარეულოს იატაკიდან ადგომა და სიგარეტზე ჩასვლა. ოთახში ერთადერთი ნიავი უბერავს და ეგეც ჩვენი კოჭლი ვენტილატორიდან, რომელიც მაგიდის ფეხზე შნუროკებით მიგვიმაგრებია, თავი საწყლად გადავარდნია და ვერაფერსაც ვერ აგრილებს, მაგრამ ისე როხროხებს, გეგონება მთელი ქალაქის ვენტილატორების გასაკეთებელ საქმეს ეგ აკეთებსო.
დიახ, არსებობს იდიოტური დღეები, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს ბნელოც, რომელიც შპალერს ჩასჩერებია, თვალები მოუჭუტავს და გიჟივით იყურება. თავს დავდებ, რაღაც ისეთი აქვს ჩაფიქრებული, რომ იდიოტურ დღეს შანსი არ დარჩება. ამის გათვალისწინებით, ეს უბრალოდ იდიოტური დღე კი არა, ეს “იდიოტური დღე VS ბნელო” დღეა.
ჰოდა, ძაღლი ახსენეო და მომიტრიალდა.
ისე მიყურებს, ვითომ ამდენი უმეცარით დასახლებულ პლანეტაზე ჩემზე უმეცარი არავინ იყოს და მეუბნება: — შენ ვაფშე აზრზე ხარ? შენ საერთოდ აზრზე ხარ, რა ხდება? ხვალ დილით ექვს საათზე ვაფშე ყველას დაგვარესტარტებენ.
— რა? — ნერწყვი გადამცდა, — რას იზამენ-მეთქი, ბნელო?
— დაგვარესტარტებენ, იდიოტო, გამოფხიზლდი! აი, ტელეფონს რომ ქარხნულ პარამეტრებზე აბრუნებ, აეგრე, და ყველაფერი წაიშლება — მთელი ჩვენი ტვინები, ჰო, ვაფშე ყველაფერი. გამგებელი მოვა თუ ვინ ჯანდაბაცაა, პასუხისმგებელი პირი, პროგრამისტი რა, და მთელს ქალაქს წაშლის. მთელს ქალაქს კი არა, მთელ პლანეტას. ბუტკის ქალს აღარ ემახსოვრება, რომ მაგის ვალი გვაქვს, ეგ კი კარგია, მაგრამ მე აღარ მემახსოვრება, რომ კეტები უნდა შემოვაწყო მაგიდაზე და შენ აღარ გემახსოვრება, რომ ნერვები უნდა მიშალო, როცა მოგეპრიანება, გესმის? ტეხავს, არა?
გამოშტერდები კაცი. იდეაცაა და იდეაც! შევყურებ ამ ოცდაცამეტი წლის ვირგლას, რომელიც მუხლებზე დგას, ცალ ხელში შპალერის ნაგლეჯი ჩაუბღუჯია, მეორე ხელი ცაში აქვს აპყრობილი, როგორც ნეტარ ავგუსტინეს თუ რომელიღაც წმინდა ტიპს ხატებზე, და აბსოლუტური დარწმუნებულობით მიხსნის, რომ ხვალ დილის ექვს საათზე ვიღაც გამგებელი დაგვადგება და ჩვენს ტვინებს ცარიელი ფლეშკებივით დატოვებს.
— ჰოდა, რა უნდა ვქნათ, რომ თავისი ვერ გაიტანონ? რა უნდა ვქნათ და პატარა ფურცლებზე დავწეროთ ყველაფერი, ანუ ყველაფერი ჩვენ შესახებ და შარვლის ჯიბეები დავიტენოთ.
აეხლა უკვე გაუტია, ვსო. გიჟივით წამოხტა ბნელო, თვალები უბრწყინავს ისე, ვითომ ეგ არის და ნობელის პრემიის ღირსი იდეა მოეფიქრებინოს.
— ჰოდა, მოიხედე, მე დავწერ: “ბნელო, შენ გქვია ბნელო, გიყვარს ფანტა ტროპიკი და წითელი ვინსტონი”, და შენ დაწერ: “მე ვარ ტიპი, რომელიც ბნელოს ნერვებს უშლის. P.S. აუცილებლად მოუშალე ბნელოს ნერვები”. როგორია? ხვალ დილით გავიღვიძებთ, ჯიბეებში ხელებს ჩავიყობთ, მაგ ფურცლებს ვიპოვნით და ეგრევე გაგვახსენდება, ვინ ჯანდაბებიც ვართ.
გიჟივით მეცინება. ტიპმა რა მოიგონა, ღმერთს ვფიცავარ! თუ ვინმე ფიქრობს, რომ იდიოტურ დღეებს შანსი აქვს ბნელოსთან, მაგრად მიუქარავს. ჰოდა, ვის ადარდებს შენი ჭეშმარიტებები, როცა კორპუსები ბოლავენ და ბნელო ეგეთი გიჟური იდეითაა? ამიტომ, თუ ბნელო ამბობს, რომ ხვალ ექვს საათზე სამყაროს გადატვირთავენ, ესე იგი გადატვირთავენ, არ მაინტერესებს.
— ბნელო, რას იძახი, უბრალოდ გენიოსი ხარ, ღმერთს ვფიცავარ! — წამოვხტი და მხარზე ისე შემოვცხე, გადაბარბაცდა, — ეგ რამ მოგაფიქრა, ბნელჩიკ, შე ტვინისჭყლეტა ბავშვო, შენ? მაგრამ, კარგად დაფიქრდი, ბნელო, ეგრე სადაა? შენ ის გამგებელი თუ ჯანდაბა რეგვენი ხომ არ გგონია, ბნელო? დარწმუნებული იყავი, პირველი, რასაც გააკეთებს, ჩვენი ჯიბეების შემოწმება იქნება, იმ ფურცლებს მოგვპარავს და ეგრევე უნიტაზში ჩაუძახებს. შარვლის შიდა მხარეს უნდა დავიწებოთ სკოჩებით, ბნელო, ნემსით და ძაფით მივიკეროთ. ან არა — კანზე დავიწეროთ ეგრევე! არა, ან უფრო მაგარს გეტყვი: სადაა ჩემი ტატუს აპარატი?
ბნელომ თვალები უარესად დაჭყიტა. ისე შემომცქეროდა, ვითომ ეგაა და პეტრე მოციქული დაინახაო, მარა თან ალბათ ეჭვი შეეპარა ბნელოს, მართლა ვიყავი თუ არა მაგაზე გიჟი, და ორი წლის ბავშვივით მეკითხება: — მართლა იძახი?
— აბა რა, ბნელჩიკ, მართლა ვიძახი! — უჯრიდან ძველი შავი მარკერი ამოვიღე, თავსახურს კბილებით ვსტაცე და ბნელოს ვუყვირი: — ბნელო, მოდი, შუბლი მომიშვირე, დავწეროთ, რომ ამ დედანატირებ ქალაქში ერთადერთი ფხიზელი იდიოტი ხარ ბნელო, თორემ ხვალ დილით რომ გაიღვიძო და ჩვეულებრივ იდიოტად გადაგაქციონ, მერე სად წავიდე, ბნელჩიკ? მაგას ვერ გადავიტან, ბნელო, მაგას ვერასდროს შევეგუები, დამენძრევა-მეთქი!
სანამ ჩვენ გიჟებივით დავრბოდით, ფურცლებს და ტატუს აპარატის ნემსებს ვეძებდით, ქალაქში ჩამობნელებულა. შეიძლება უკვე შუაღამეც იყო, არ ვიცი. ყველა იდიოტს ეძინა ალბათ, მაგრამ მაგათზე უფრო იდიოტები სამზარეულოს იატაკზე იჯდნენ და ერთმანეთს სახეზე, ყურებს უკან, ბეჭებზე, მუხლის მოსახრელებში, ფეხის თითებზე, ფეხის თითებს შორის, ყველგან _ აწერდნენ ნებისმიერ ისტორიას, რომელიც გადაგვხდენია: სახალისოს, ტრაგიკულს, ცუდ ადამიანებზე, კარგ ადამიანებზე, სრულიად უაზრო და უშინაარსო მოგონებებს, ღრმადმნიშვნელოვან სიბრძნეებს, სამარცხვინო და ჰეროიკულ ისტორიებს, მაგრამ ყველაფერს ნამდვილს — ყველაფერს, რაც არ გვინდოდა დაგვვიწყებოდა საკუთარი თავისა და ერთმანეთის შესახებ და პარალელურად სიცილით ვიგუდებოდით.
— ბნელო, ნისიებიც დავწეროთ, ტეხავს… — ბნელო, ის არ დავწეროთ, მეოთხე კლასში? — კინაღამ რომ მოვკვდით, ბნელო… — ყველაფერი უნდა ჩავწეროთ! — არაფერი უნდა გამოვტოვოთ, ბნელო!
ბნელოს სიცილისგან ლოყები ტკიოდა, მე კიდევ — მუცელი. მთელი ტანი წარწერებით გვქონდა სავსე, ყველგან იდიოტური ისტორიებით გამოტენილი ფურცლის ნაგლეჯები ეყარა. უკვე თენდებოდა. ბნელომ შნუროკები კი არ გაიბანტა, გაიკვანძა და ეგრე დაიძინა — კეტებით, რადგან არ უნდოდა გამგებელს თუ ვინც ჯანდაბაა, წაეკითხა ბნელოს ყველაზე ბნელი საიდუმლო, რომელიც ძალიან წვრილი ასოებით და დიდი მონდომებით ჩამოვაწიკწიკეთ მის ჭუჭყიან ფეხის გულებზე, რომლებსაც გამგებელი კი არა, ძაღლი არ უკბენდა, მაგრამ შნუროკების გაკვანძვა მაინც ყოველთვის საჭიროა, ყოველი შემთხვევისთვის, თავის დასაზღვევად, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელს დაწყველილ სამყაროს გადატვირთვით ემუქრებიან.
Leave a Reply