ხუან მაიორგას პიესა “ბიჭი ბოლო მერხიდან”
ეს პიესა ერთი შეხედვით და თითქოს ხელოვანთა შურსა და მწერლობის ბნელ მხარეებზეა, მაგრამ ასევე წარმოადგენს აპოფენიის გენიალურ დემონსტრაციას, აპოფენია არის ტვინის უნარი დაინახოს აზრი, კანონზომიერება და კავშირი სრულიად უაზრო, შემთხვევით მოვლენებს შორის.
ასე რომ, ესაა ისტორია იმაზე, თუ როგორ ამახინჯებს გონება რეალობას, როდესაც მას მოიცავს შური, არასრულფასოვნების კომპლექსი და ტოქსიკური კონკურენცია. როგორ ცდილობს ადამიანი, რომ ის, ვისიც მას შურს, მონსტრად აქციოს, როგორ იჯერებს ნელ-ნელა ამ გამოგონილ რეალობას, როგორ იგონებს ისტორიებს სიცარიელეების შესავსებად, აწყობს ერთ დიდ პაზლს და რა სასაცილოა მეტოქის წინაშე მდგარი პროფესორი, რომელიც გაჰყვირის: „ეს კაცი მონსტრია! მან სახლი გადაწვა, საკუთარი ცოლ-შვილი მოკლა, ქალი, რომელიც მე მიყვარდა…“
მაგრამ სახლი არ იწვის, მისი კონკურენტი შესანიშნავი მწერალი, კარგი ქმარი და მამაა, გვერდით უდგას საღსალამათი ცოლ-შვილი და ყველანი ფიქრობენ:
“_რას ბოდავს ეს კაცი?”
და რას ვბოდავთ ჩვენ? ოდესმე დაფიქრებულხართ ამაზე? რამდენ რამეს თხზავს ჩვენი გონება? ის რომ პირისპირ აღმოჩენილიყო ნამდვილ რეალობასთან, იმ ადამიანთა ჭეშმარიტ ბუნებასთან, რომლებზეც კონსპირაციული თეორიები და მონსტრის არქეტიპები ააგო რა მოხდებოდა? ოდესმე დაგისვამთ კითხვა „რას ვბოდავ მე ? იქნებ ვბოდავ? რეალობა, რომელსაც ვხედავ, ნამდვილად რეალობაა? თუ ჩემმა შიშებმა, სურვილებმა, არასრულფასოვნების კომპლექსმა და ბნელმა წადილებმა შექმნეს ეს სურათი, რომელიც ჩემში არსებულ ღრმულებსა და სიცარიელეს ავსებს?“
ჭორიკანა მეზობელი, ბოროტი დედამთილი, საშინელი სამყარო, იდეოლოგიური პატერნები — ყველაფერი, რასაც ვხედავთ, იქნებ ჩვენივე გამოგონილი კონსტრუქციაა, ჩვენივე შიშებისა და ფობიების დასტურის მოსაძებნად? ეს ხალხი ნამდვილად ასეთი საშინელია, თუ ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, რომ ისინი საშინლები ყოფილიყვნენ?
ძალიან ცოტა ადამიანი სვამს ამ კითხვებს და კიდევ უფრო ცოტა იწყებს ამის კვლევას. ეს პიესა გვერდიდან გვანახებს იმას, რისი მიხვედრაც საკუთარ თავზე არ გვსურს და, საბოლოოდ, დაგვცინის, დასცინის ჩვენს გაცხოველებულ ფანტაზიებსა და შეთქმულების თეორიებს. ბოლოს ვდგავართ მთავარ გმირთან ერთად და მთელი სამყარო შემოგვყურებს, როგორც კლინიკურ პაციენტს, რადგან გამოვიგონეთ ისტორია, რომელიც ლიტერატურულადაც კი არაფრისმაქნისია. ჩვენ ძალიან საბრალო ისტორიები გამოვიგონეთ საკუთარ თავზეც და სხვებზეც. მაკულატურაა ჩვენი გამოგონილი სამყარო, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება აქვს _ როგორმე მოგვიშუშოს კომპლექსები, შიშები და სურვილები, როგორმე დაგვაწყნაროს და ისეთი ილუზიებით გამოგვჭყიპოს, რომ თავი არც ისე არარაობებად ვიგრძნოთ, ოდნავ მაინც დაგვიკმაყპფილოს რამედ ყოფნის შიმშილი, ვინმეზე მეტად ყოფნის წადილი, ღირებულ არსებად ყოფნის აკვიატებული ლტოლვა.
ჩვენ გვგონია, რომ რაღაც დიდ და შესანიშნავ დრამაში ვმონაწილეობთ, რომ ჩვენი ტანჯვა და ჩვენი შური რაღაც შექსპირისეული მასშტაბისაა. მაგრამ თუ ოდესმე რეალობას ჩავხედავთ თვალებში, აღმოჩნდება, რომ
ჩვენი ისტორიები ლიტერატურულადაც კი უღირსია, ეს უბრალოდ იაფფასიანი და ბანალური პოზირებაა საკუთარი შიშების დასადუმებლად, გასაყუჩებლად და მოსაკლავად
სანამ სამყარო გაოცებული შემოგვყურებს, ის ხალხი, ვისზეც მონსტრების არქეტიპები ვაგეთ, უბრალოდ თავის ცხოვრებით ცხოვრობენ, ყოველდღიური წვრილმანებითა და უბრალო საზრუნავით თავგამოტებილები და წარმოდგენაც კი არ აქვთ იმ ჯოჯოხეთზე, რომელიც ჩვენს ტვინში მათზე და მათ გარშემო დავატრიალეთ.
ოდესმე დაფიქრებულხართ ამაზე? როგორც პიესაშია, ოდესმე გიფიქრიათ, რომ “შენს ნაშრომში წარმოდგენილი მთავარი ბოროტმოქმედი თქვენზე არაფერს წერს?”
ჰოდა ესაა პიესა ადამიანზე, რომელმაც გამოიგონა ჯოჯოხეთი და დაიჯერა მისი არსებობა, მაგრამ ამ ისტორიაში არაფერია ნამდვილი, აქ მხოლოდ გამოგონილი აჩრდილები და არარაობის შეგრძნებით დაბრმავებული და დამშეული უნიჭო მწერლები ცხოვრობენ, რომლებიც წერენ ჯოჯოხეთურ რეალობებს, რომელი რეალობებიც სინამდვილეში არ არსებობენ.
ორი კარგი ეკრანიზაცია ვნახე
ფრანგული ფილმი In the house (2012)
და კორეული სერიალი The notes from the last row (2026)
ნახეთ და იქნებ თქვენც დაფიქრდეთ “ნეტავ, რა ჯანდაბას ვბოდავო მე”

Leave a Reply