პირობითად და შავად რომ დავყოთ, რომ პასუხი გავცეთ ხშირად დასმულ კითხვას, თუ როგორია ჯანსაღი ფსიქიკა, რა განსხვავებაა, რა სარგებელია, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ორი ტიპის ფსიქიკური მდგომარეობა განგვასხვავებს.
რეზილენტური ფსიქიკა, ესეიგი მოქნილი, ჯანსაღი ფსიქიკა
და რიგიდული ფსიქიკა, ესეიგი სენსიტიური, მოწყვლადი ფსიქიკა.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა ყველა საკითხზეც არსებობს უამრავი მითი და წარმოდგენა, მაგალითად ის, რომ თითქოს ჯანსაღი, რეზილენტური ფსიქიკა არ განიცდის ნეგატიურ ემოციებს ან ეგზისტენციალურ კრიზისებს, ეს სიცრუეა, მეტსაც გეტყვით, ეგზისტენციალური გამოწვევები ფსიქიკური მომწიფების ნიშნადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
მაშინ რაღა განასხვავებს ჯანსაღი, ნამუშევარი ფსიქიკის ადამიანს რიგიდული ან დაზიანებული ფსიქიკისაგან, თუ ისინი ორივე განიცდიან სევდას, მოწყენილობას, ტკივილს, ტრაგედიას, ეგზისტენციალურ კრიზისებს.
ბოლოსდაბოლოს, რისთვის უნდა ვიმუშაოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე თუ მას არ შეუძლია ჩვენი დაცვა ნეგატიური გამოცდილებებისგან მომავალში.
მოგახსენებთ:
ჯანსაღ ფსიქიკას გადამუშავების უნარი აქვს, მას არა მარტო შეუძლია ემოციების წამიერი დამუშავება, არამედ შეუძლია ემოციათა დაყოვნება, რომ შესაბამის გარემოებაში გადაამუშაოს ისინი სხვა დროს.
სანამ არამყარი ფსიქიკა ემოციის გადამუშავების უუნარობის გამო მთელს შინაგან დაძაბულობას გარეთ ცლის, ყვირილით, აგრესიით, გაუარესებული ხასიათით, თვითდესტრუქციით და სხვებზე გადატანით, მას არ შეუძლია დააყოვნოს ემოცია, რადგან ემოციას ვერ მოიხელთებს, სანამ ჯანსაღ ფსიქიკას შეუძლია მოიხელთოს ემოცია, შეაჩეროს მისი მოქმედება და ხვალ, ზეგ, შესაბამის გარემოში გამოანთავისუფლოს ის ემოცია და გადაამუშაოს ისე, რომ არ დაიზიანოს თავი და არ შეაწუხოს სხვა ადამიანი.
ჯანსაღ ფსიქიკას შეუძლია მენტალიზაცია, ესეიგი ინტელექტუალიზაცია, საკუთარი ემოციის დასახელება და გახმოვანება მაშინ, როდესაც ნეგატიურ ემოციებს განიცდის და შეუძლია ამ ემოციების დაკავშირება რეალურ გამომწვევ მიზეზებთან , ესეიგი მას შეუძლია ანალიზი მაშინაც კი, როდესაც გრძნობს, ხოლო არამდგრადი ფსიქიკა ემოციებს ვერ ასახელებს, მისთვის ემოცია ბუნდოვანო და უსახელოა, ამიტომ ემოცია ცდილობს გამოვლენას არავერბალური სახით და სომატური სახით, მუცლის წვა, ფიზიკური ტკივილები, კუჭის პრობლემები, წნევა და ა. შ. ემოცია ცდილობს შეატყობინოს სხეულს, რომ არსებობს პრობლემა და რადგან ტვინს არ შეუძლია ემოციის გაცნობიერება, ემოცია ხდება სომატური და ფიზიკური ტკივილი.
ჯანსაღ ფსიქიკას შეუძლია სუბლიმაცია, ნეგატიური ემოციის ენერგიის გარდაქმნა კონსტრუქციულ მოქმედებად, პრობლემის გადაჭრა, შემოქმედება, მოძრაობა, ჯანსაღი ფსიქიკა აცნობიერებს, რომ სახარჯი აქვს ენერგია და ხარჯავს ჯანსაღი გზით, გამოხატავს ყველასთვის უვნებელი ფორმით ვერბალურად ან შემოქმედებითად.
სანამ არამდგრადი ფსიქიკა მაშინვე მიმართავს პროექციას, საკუთარ გაუცნობიერებელ და გადაუმუშავებელ ემოციებს სხვებს მიაწერს, გარემოში იწყებს პრობლემის მოძებნას, ოჯახში, სოციუმში და შემდეგ იბრძვის მათთან.
რაც შეეხება ეგზისტენციალურ კრიზისს და საზრისის ძიებას, ჯანსაღი ფსიქიკისთვის ეს სიგნალია, რომ ძველი ღირებულებები კრიზისს განიცდიან და უნდა გადაფასდნენ, ახალი საზრისის ძიებას იწყებს ჯანსაღი ფსიქიკა და გადააფასებს დანგრეულ ღირებულებებს, სანამ არამდგრადი ფსიქიკა ქმნის ეგზისტენციალურ ვაკუუმს, გაუცხოებას, მიდის ღრმა დეპრესიამდე, პათოლოგიურ ნიჰილიზმამდე საიდანაც გამოსასვლელ გზას ვერ ხედავს.
ჯანსაღ ფსიქიკასაც ახასიათებს ადამიანური მოწყენილობის და სიცარიელის განცდა, მაგრამ ამ განცდას ის ყოველთვის იყენებს დასვენების საბაბად, შემოქმედებითი იმპულსის, მუზის წყაროდ, მეტიც ჯანსაღი ფსიქიკისთვის მოწყენა უკვე ნიშნავს, რომ რაღაც ახალი იდეა დაიბადება, მაგრამ დაზიანებული ფსიქიკა ვერ უძლებს სულ მცირე სიცარიელის განცდასაც კი და მაშინვე იწყებს მცდელობას გააყუჩოს ეს სიცარიელე, ამოავსოს დესტრუქციული ქცევებით, მწვავე კამათში ადამიანების გამოწვევით, ახალი ურთიერთობის წამოწყებით, დამოკიდებულებებით, აზარტით, ნარკოტიკით.
ჯანსაღი ფსიქიკის კიდევ ერთი უნარი, ის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ იგრძნოს და იგლოვოს, მას არ ენანება დრო და ენერგია ტკივილისთვის და გლოვისთვის, თუმცა არასდროს ავიწყდება, რომ ეს დროებითია, ეს ცხოვრების ნაწილია, ეს უბრალოდ ცხოვრებაა და მასთან ბრძოლა ადამიანებს უარესად აზიანებს, მაგრამ დარღვეული ფსიქიკა ან სრულიად გაურბის გრძნობას და გლოვას, ან მთელი არსებით მიეცემა ემოციებს, აღიქვავს მათ, როგორც მასშტაბურ რეალობებს და კარგავს კონტროლს.
ასე რომ, მთავარი სხვაობა მდგრადობაშია, რეზილენტობაში, ყველა ფსიქიკა ტყდება, მაგრამ მდგრადი ფსიქიკა ტყდება დროებით, ნატეხებიდან იღებს გამოცდილებას და კრიზისიდან გამოდის უფრო ძლიერი, სანამ მოწყვლადი ფსიქიკა მართულია ემოციური პროცესებით, რომლებსაც ვერ აცნობიერებს და ნებისმიერი სირთულე წარმოადგენს საშიშროებას, რომ ეს სირთულე დაამარცხებს მას, თუ არ დაამარცხებს შეიტყუებს დესტრუქციულ პატერნთა შორეულ თავგადასავალში, რომელი თავგადასავალი გაგრძელდება სიკვდილამდე, თუ ადამიანმა არ დაიწყო საკუთარ ფსიქიკაზე მუშაობა.
ასევე, სულ სხვაა ჯანსაღი ფსიქიკის მიერ ხილული სამყარო და სენსიტიური ფსიქიკის მიერ ხილული სამყარო.
პირველი რეალისტურია,
ხოლო მეორეს მე ხშირად ვუწოდებ ფენტეზის ჟანრის ფსიქიკას _ თავისი დრაკონებით, მონსტრებით და ყველა ზღაპრული ატრიბუტიკით.
ესეც თქვენი “რა აზრი აქვს ამდენ მცდელობას”
პ. ს. ჯანსაღ ფსიქიკას შეუძლია სინანული, ბოდიშის მოხდა, დანაშაულის გაცნობიერება ისე, რომ არ ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, თვითსიძულვილში, თვითგანსჯაში, სანამ დაზიანებული ფსიქიკა ყველანაირად გაურბის სინანულს, რადგან იცის, რომ დანაშაულს შეეწირება მისი ეგო და სასიცოცხლო ენერგია.
რადგან მას არ შეუძლია ერთდროულად იყოს დამნაშავეც და ღირებული ადამიანიც. ასე რომ მისი სინანულის შეუძლებლობის სარჩული და საიდუმლო ისაა, რომ მას არ შეუძლია არავის პატიება, მათ შორის საკუთარი თავის.
Leave a Reply