აქამდე არ წარმომიდგენია, ვიღაცამ დაწერა, წარმოიდგინეთ რომ ზის და ამას წერსო
ჰოდა, მართლა წარმოვიდგინე,
ზის “კრესლოში” ასაკოვანი ქალი, რაღაც კაბა-ხალათი აცვია, მძივებიანი სათვალე ჰკიდია ყელზე, იკეთებს სათვალეს, ვიდეოს უყურებს და სახე ეჭყანება, ჩაილაპარაკებს “ფფფ ტუტუცი”, მერე ტელეფონი სახესთან ძალიან ახლოს მიაქვს, საჩვენებელ თითს იმარჯვებს, ზიზღის ნაოჭი უთამაშებს და ერთი თითით კრეფს ყველა ასოს:
“რ ა ს გ ა ვ ხ ა რ??”
და თვითკმაყოფილი იერით ადასტურებს კომენტარს.
მოიცა აქ არ მთავრდება ჩემი ამბავი
გავიხედე და
უცბად, შვილიშვილი ბრუნდება სკოლიდან, მიდის სტანდარტული დიალოგი:
_გშია ბებო?
_გააჩნია რა გვაქვს
სანამ, მაგიდასთან განიხილება კარის მეზობლის მიერ “პადიეზდში” ზედმეტად დიდხანს დატოვებული ნაგვის პარკი.
მოსწავლის ტელეფონში, მეგობრების ჩატში სახელად “დრამაქუინები” მიმდინარეობს მსუქანი ან მახინჯი, ან სულელი ან უაზროდ ათვალწუნებული კლასელის აქტიური ბულინგი.
დედას თანამშრომელი ქალის შურს, “ბედნიერი ოჯახი” რომ აქვს და იმას კბენს.
მამა ტელევიზორს აგინებს,
ბაბუა მოპირდაპირე აივანზე მოკლეკაბიან გოგოებს უჭვრიტინებს და ასე მეგობრებო, ეგ კომენტარი არაფერია, საშუალო არითმეტიკული გამოთვლით ეს ტიპიური ოჯახური სცენაა. იგივე ხდება ზედა და ქვედა სართულზე, მოპირდაპირე კორპუსში, წინა და გვერდითა ქუჩაზე, იტალიურ ეზოებში, ქალაქი სავსეა დამარცხებულებით მაქს.
იშვიათია ოჯახი სადაც არავის დასცინიან, არავის აბულინგებენ და არავინ სძულთ, ამიტომ არც ბებიას კომენტარი მიკვირს, არც ბულერი შვილიშვილი, არც სიყვარულისნაკლებობით დაკომპლექსებული დედა, არც ტელევიზორზე გაბრაზებული მამა, არც გარყვნილი ბაბუები, მე ის უფრო მიკვირს, ვინმეს რატომ უკვირს ვიღაცის უზრდელი კომენტარი, როდესაც ოჯახების უმეტესობაში ბულინგი, შური, ლანძღვა, დაცინვა და ჭორაობა ერთი ჩვეულებრივი დღის აუცილებელი კომპონენტებია, სხვანაირად დღე არ თენდება ქალაქში, სხვანაირი დღე არ გვახსენდება მე და კორპუსებს.
Leave a Reply